პარასკევს, 25 აგვისტოს თბილისის საკრებულოში რამდენიმე სადაო მშენებლობის პროექტს განიხილავენ. ოპოზიციაში ამ მშენებლობების საფრთხეებსა და კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ. მათ შორის არის ისეთი პროექტები, რომელთა ინიციატორებიც "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები არიან.
ერთ-ერთი მათგანი დიდ დიღომში, იბერის ქუჩაზე დიდი საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას შეეხება. პროექტის თანახმად, 170 000 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე ჯამში 30 საცხოვრებელი შენობა უნდა აშენდეს. "ლელოს" ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, პროექტის ავტორი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენი და ოცნების აქტიური შემომწირველი კობა კვეტენაძეა. "ოცნებასთან" დაახლოებული პირები არიან.
"კალაძის მმართველობის შედეგია, ის რაც ბოლო წლებში მოხდა დიდ დიღომში. ამ უბნის სრული ჩაბეტონება, გაუსაძლისი მდგომარეობა, რომელიც არსებობს. 170 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაგეგმილია 750 000 კვადრატული მეტრის მოცულობის მშენებლობა, რაც ნიშნავს რამდენიმე ათეული კორპუსის მშენებლობას ამ ტერიტორიაზე ყველანაირი ურბანული და სატრანსპორტო მიზანშეწონილობის საწინააღმდეგოდ. კვეტენაძე არის თბილისის მერიასთან დაახლოებული დეველოპერი, რომელსაც აძლევენ ყველაფრის გაკეთების უფლებას, რომელიც მონაწილეობს საეჭვო და კორუფციულ მონაცვლეობებში, რომელსაც აქვს ქალაქისთვის შეუსაბამო მშენებლობების ნებართვები", - თქვა საბა ბუაძემ.
კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ "ქართული ოცნების" მოქმედი დეპუტატის, გოჩა ენუქიძისაა. ენუქიძეს King David-თან, ალექსიძის ქუჩაზე, 38-სართულიანი მრავალფუნქციური შენობის აშენება სურს. ენუქიძემ საკრებულოში განაცხადი შეიტანა, რომლის თანახმადაც მას სურს რეკრეაციული სტატუსი შეუცვალოს ტერიტორიას, რათა ადგილზე კორპუსის აშენების უფლება მიეცეს.