1 000-ზე მეტი ოჯახი სასმელი წყლის გარეშე - გორში ვერხვების დასახლებაში მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. სასმელი წყლის მოთხოვნით მათმა ნაწილმა დღეს აქცია გამართა და გზა გადაკეტა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სამი წელია წყალი გრაფიკით, მხოლოდ დღისით მიეწოდებათ და ხშირად რამდენიმე დღე საერთოდ ითიშება. მოსახლეობა მერიას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უწყვეტ პროტესტს აანონსებს.
"მთავარი არხი" საქართველოს წყალმომარაგების ადგილობრივ ხელმძღვანელს ესაუბრა. კოტე თავზარაშვილის თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, მას შემდეგ შეიქმნა, რაც მდინარე ლიახვზე გამავალი წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა.
თავზარაშვილი ამტკიცებს, რომ წყლის პრობლემა სოფელში უახლოეს პერიოდში მოგვარდება.
"მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც გამოიცვალა 300 მეტრი მილი, ეს ძალიან დიდი მოცულობის მილებია და გადართვის მომენტში პატარა ხარვეზი მოხდა, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია სამართლიანად. ეს პრობლემა აღმოიფხვრება და მათ 24 საათი ექნებათ [წყალი], როგორც უწინ ჰქონდათ", - თქვა მან.