შოვში სტიქიის ზონაში სამძებრო-სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, რაჭაში სტიქიას 29 ადამიანი ემსხვერპლა, 4 ადამიანის ძებნა კი გრძელდება. ბოლო 24 საათში მაშველებმა სტიქიის ზონაში ერთი ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის მოზარდს ეკუთვნის.
რაც შეეხება ადგილზე არსებულ ვითარებას, რაჭა-ლეჩხუმის ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის ინფორმაციით, ძებნის არეალი გაზრდილია და სამუშაოები ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში, ასევე მდინარე რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში მიმდინარეობს. დღეს დილიდან ონში ვერტმფრენები დაფრინავენ. როგორც მარგველიძე განმარტავს, რაჭაში პერიოდულად მთებისა და მწვერვალების მონიტორინგი ხდება.
"საძიებო სამუშაოების პერიმეტრი გაზრდილია ამბროლაურამდე. 29 დაკარგული მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, 4 დაკარგულ მოქალაქეზე გრძელდება საძიებო სამუშაოები. ამოსვენებული 29 მოქალაქიდან 27-ის იდენტიფიცირება მოხდენილია და საძიებო სამუშაოები კვლავ გრძელდება. პერიოდულად ხდება მონიტორინგი მთებზე, მწვერვალებზე. 3 დღის წინაც განხორციელდა შემოფრენა მწვერვალების და მონიტორინგი და დღესაც ამ მიზნით არის ვერტმფრენი გაფრენილი სტიქიის ზონაში", - თქვა პაპუნა მარგველიძემ.