გურჯაანში აგრარული ბაზრის მოვაჭრეები ჯიხურების დემონტაჟს აპროტესტებენ . ისინი ბაზრის მფლობელს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ახალი ჯიხურებით სარგებლობის შემთხვევაში მათ გადასახადების გადახდა მოუწევთ, რისი საშუალებაც არ აქვთ.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ ბაზრის დემონტაჟი დეპუტატ დავით სონღულაშვილის ინტერესებში შედის. მათ არაერთგზის მიმართეს დახმარებისთვის მერიას, თუმცა უშედეგოდ.
„დემონტაჟის პროცესი ღამის საათებში იწყება და დილით, სავაჭროდ მუსულებს მუშაობის საშუალება აღარ გვაქვს. ჩვენ ფაქტიურად შენობის და მიწის მესაკუთრეები ვართ, მაგრამ ფუნქცია აღარ გაგვაჩნია. ჩვენი ტერიტორიები მიისაკუთრეს, ჩაგვიხერგეს რომ მყიდველები არ შემოვიდნენ. ფაქტია, რომ ეს ტერიტორია დეპუტატის და ბაზრის მესაკუთრის ინტერესებში შედის“ - ამბობს ბაზრის მოვაჭრე თინა აბელაშვილი.
ბაზრის დემონტაჟი დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო, მოვაჭრეებმა ეს ფაქტი რაიონულ სასამართლოშიც გაასაჩივრეს, თუმცა გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა.