გამოვავლინეთ სად იყო მოწამვლის მიზეზი, მივაკვლიეთ ქათმის ფილე გრაკოს, რითაც ჯეო დისტრიბუცია გვამარაგებდა - ნიკორა

გამოქვეყნდა:

სუპერმარკეტების ქსელი ნიკორა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მათთვის მზა კერძების საწარმო პროცესის შეჩერებას ეხმაურება. კომპანიის ინფორმაციით, მომხმარებლის ინტოქსიკაცია ქათმის ფილე გრაკოს გამოყენებამ გამოიწვია, რომლითაც ნიკორას ჯეო დისტრიბუცია ამარაგებდა.

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოგვმართა რამდენიმე ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა ყველა მათგანმა საკვებად მიიღო „კოტლეტი კიევური“. ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენი მხრიდან მყისიერად მოხდა სააგენტოს ყველა მითითების შესრულება, მათთან აქტიური თანამშრომლობით გამოვავლინეთ სად იყო მიზეზი და მივაკვლიეთ ქათმის ფილე „გრაკოს“, რომელიც გამოიყენებოდა კოტლეტის წარმოებაში, ხოლო ამ უკანასკნელით გვამარაგებდა კომპანია „ჯეო დისტრიბუცია".

რა თქმა უნდა, ვაცნობეთ აღნიშნულ კომპანიას მომხდარის შესახებ და უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მზა კვების საწარმოს მცირე ზომიდან გამომდინარე, ამ პროდუქტით მომარაგება სულ რამდენიმე ფილიალში ხდებოდა და საბედნიეროდ პრობლემის განვრცობის მასშტაბი ძალიან მცირეა. ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო და ამ ეტაპზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

24 აგვისტოს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნიკორა ტრეიდის მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა. მიზეზი 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გახდა, რომელთაც სალმონელოზი დაუდასტურდათ. სააგენტოს ცნობით, კვლევით დადგინდა, რომ პაციენტებმა საკვებად ნიკორაში შეძენილი კიევური კატლეტი მიიღეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი