
საპენსიო რეფორმაში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ბენეფიციარებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებოდათ დაბალ, საშუალო ან მაღალ შემოსავალს შორის, ძალაში აღარ შევა.
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ ცვლილება 2028 წლამდე არ დამტკიცდება. "ქართული ოცნების" დეპუტატი ეროვნული ბანკის მტკიცებას, რომ გრძელვადიანად ყველაზე მეტ მოგებას მეტი რისკის შემცველი პორტფელი მოიტანს, უარყოფს და ახალი ინიციატივას საპენსიო სისტემის ბენეფიციარებისთვის რისკების დაზღვევით ხსნის.
"მოსახლეობა არ იყო მზად და შესაძლოა, ამ საკითხს გაუგებრობა გამოეწვია, ამიტომ დავიწყეთ ახალი კანონპროექტის განხილვა, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. მეორე მოსმენა იქნება წამყვან, ჯანდაცვის კომიტეტში 4 სექტემბერს და ალბათ, სექტემბრის ბოლომდე იქნება მიღებული.
კანონპროექტში წერია, რომ პორტფელის არჩევის ვადა იქნება არა 6 სექტემბერი, არამედ ვადა კიდევ გადაიწევს და 2028 წლის პირველ იანვრამდე ყველა დარჩება დაბალრისკიანში. პრაქტიკულად, ეფლში, გუგლში, ან სხვა საწარმოებში ჩაიდება ეს აქციები, არ დაიკარგება, მაგრამ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიძლება სწორია, მაგრამ არ შეიძლება ასე იყოს მიღებული გადაწყვეტილება. უპირველესად, უნდა შევეკითხოთ, პენსიონერებს. ანუ ყველა უნდა იყოს გარანტირებულ დაბალრისკიანში, საპენსიო სააგენტო, ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტრო, რეკლამის სახით ან სხვა კუთხით თუ განახორციელებენ ღონისძიებებს, ხალხს აუხსნიან რა ხდება და ხალხი ამას დაიჯერებს, კი ბატონო. ახლა ასეთი რამ არ არის, ჩემთვის ძალიან პრინციპულია, არ დავუშვებ, რომ რაიმე პრობლემა მაინც შეუქმნას საპენსიო დანაზოგებს", - თქვა პაატა კვიჟინაძემ.
შესაბამისი კანონპროექტი მეორე მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტმა 4 სექტემბერს უნდა განიხილოს.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი