
განადგურებული ვაზი კახეთში - გლეხები, ხელისუფლებისგან კომპენსაციას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ყურძნის მოსავლელად საჭირო შესაწამლი ნივთიერებებით ხელისუფლებამ ისინი არ უზრუნველყო და ახლა მათ ნაწილს მოსავალი სრულად გაუნადგურდა.
კახელ გლეხები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და ამბობენ რომ გარდაუვალი კრიზისგან თავის დაცვას ვერ შეძლებენ, რადგან მათთვის ყურძნის მოსავალი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
კახელი გლეხების პრობლემებზე გასულ კვირას "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც" ისაუბრეს. გიორგი ბოტკოველი ხელისუფლებას სუბსიდირებისკენ და შესაბამისი პროგრამის ამოქმედებისკენ მოუწოდებდა.
ბოტკოველის ბრიფინგის შემდეგ კი სამთავრობო მედიებში სიუჟეტი გავიდა, რომელშიც კახელი გლეხები ამბობდნენ, რომ ისინი კარგ მდგომარეობაში არიან და წელს კარგ მოსავალს აიღებენ.
სამთავრობო მედიის სიუჟეტს დღეს ენმ-ში გამოეხმაურნენ. გიორგი ბოტკოველის თქმით, ადამიანები, რომლებიც სიუჟეტში საუბრობდნენ "ოცნების" ამომრჩევლები და ღია მხარდაჭერები არიან.
"ქართულმა ოცნებამ ჩართო მათთვის ჩვეული პროპაგანდისტული მანქანა, სადაც უკვე დაიწყეს კახელი გლეხის მევენახის გაშავება. მათი პროპაგანდისტული მანქანა ამუშავდა კონკრეტულ ტელეარხებზე, სადაც დაიწყეს საკუთარი პროპაგანდისტების კომენტარების ჩაწერა. გია ქიქესაშვილი არის გურჯაანის საჭადრაკო სკოლის დირექტორი. ქართული ოცნების, რუსულ პროპაგანდაში ჩართული რუსული ოცნების ერთ-ერთი აქტივისტი. ვანო გარსევანიშვილი, რომელიც არის გურჯაანის ნაყინის მფლობელი და მას ასაღებენ როგორც გლეხად, თურმე როგორი კარგი მოსავალი მოუვიდა და როგორ ვიტყუებით ჩვენ. ვალერი დაუშვილი, ერთ-ერთი ღვინის ქარხნის მეპატრონეა, რომელიც ამ სიუჟეტში გამოჩენის შემდეგ, დამატებით მიიღებს სახელმწიფო დაფინანსებას და ასეთი დაპირების სანაცვლოდ ჩაერთო ამ პროცესში. იზრუნეთ იმაზე, რანაირად გამოვიდეთ ამ მძიმე სიტუაციიდან", - თქვა გიორგი ბოტკოველმა.
ავტორი: საბა ბუაძე