სამედიცინო დაწესებულებები მთავრობის მიერ დადგენილი სავალდებულო რეგულაციების გადავადებას მოითხოვენ. საქართველოს მთავრობს N149 დადგენილება, რომელიც სტაციონარულ კლინიკებში მიმდინარე წლის დეკემბრამდე, ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური ბაზის განახლებას გულისხმობს, კლინიკებს მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება.
კლინიკის წარმომადგენლები დახმარებისთვის მთავრობასა და პარლამენტს მიმართავენ და ამბობენ, რომ რეგულაციების შესრულება აუცილებელია, თუმცა ასეთ მოკლე პერიოდში თითქმის შეუძლებელი.
თუ კლინიკა არის კარდიოლოგიური, აღნიშნული რეგულაციებით, მას უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორი საოპერაციო, უახლესი სავენტილაციო სისტემები, მაღალტექნოლოგური ტომოგრაფიის აპარატი. ამ ყველაფრის უზრუნველყოფას კი მინიმუმ 2 მილიონი ლარი ესაჭიროება, - ამბობს კარდიოთერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ კაციაშვილი.
კლინიკების ხელმძღვანელების თქმით, მდგომარეობას ართულებს მთავრობის N520-ე დადგენილება, რომელიც საავადმყოფოებს ოპერაციებზე კონკრეტულ ფასებს უწესებს, რის შედეგადაც გეგმიური ოპერაციების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები კლინიკების ინფრასტრუქტურულ და აპარატურულ განახლებას მიესალმებიან, თუმცა ფიქრობენ, რომ ამ რეგულაციების დაცვა პატარა და საშუალო კლინიკებს გაკოტრების პირამდე მიიყვანს და არაჯანსაღ კონკურენტულ პირობებში ჩააყენებს.
აღნიშნული რეგულაციების მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შესრულება ძალიან ცუდად აისახება როგორც კლინიკის ასევე, პაციენტებისა და მათი ოჯახების ბიუჯეტზეც, რადგან ეს პროცესი აუცილებლად განაპირობებს ფასების გაზრდას, - ამბობს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე.
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ კლინიკების თხოვნას ამ ეტაპზე ვერ გაითვალისწინებენ და მათ 149-ე დადგენილებით გათვალისწინებული რეგულაციების შესრულება დეკემბრამდე მოუწევთ.