
პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს, სავარაუდო მოწამვლის შემდეგ თითქმის 2 თვე გავიდა, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია რა დაადგინა ექსპერტიზის ბიურომ ან რა ეტაპზეა გამოძიება. ასევე, უცნობია გამოიკითხნენ თუ არა მაღალი იერარქები - ამის შესახებ მედიის კითხვებს ისინი არ პასუხობენ. კომენტარის გარეშე დატოვა დღეს სიონის საკათედრო ტაძრის ტერიტორია თავად მეუფე შიომაც.
"მთავარი არხის" შეკითხვებს მხოლოდ ახალქალაქის, კამურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა, უპასუხა და აღნიშნა, რომ პატრიარქის მოსაყდრის შესაძლო მოწამვლის შესახებ განახლებულ ინფორმაციას თავადაც ჟურნალისტებისგან იგებს.
"მე ამას ვგებულობ მხოლოდ თქვენგან. ისეთი დაფარული ინფორმაციაა, მხოლოდ თქვენგან, ჟურნალისტებისგან ვგებულობ ამბებს, ზოგს მართალს, ზოგს გადაჭარბებულს.
რა თქმა უნდა, დავინტერესდი მისი [მეუფე შიოს] მდგომარეობით. რაც შეეხება გამოძიებით მე არ ვიცი როგორ უნდა დავინტერესდე, აბა, პირდაპირი წვდომა არა მაქვს. მე მეუფესთან მაქვს ურთიერთობა, ვეკითხები და, ძირითადად, მაინტერესებს მისი ჯანმრთელობა როგორია.
მეუფე რომ ცუდად იყო, ორი აზრი არ არის და მეუფეს რომ რაღაც საფუძველი აქვს, მაგრამ მე არ მგონია, რომ, აი, არ ვიცი, იმდენად წარმოუდგენელია, რომ ვინმეს ინტერესებში ეს იყოს, რომ ვერც კი ვფიქრობ ამას, რომ რაღაც ფანტასმაგორია მგონია ეს ამბავი," - განაცხადა ახალქალაქის, კამურდოსა და კარის მიტროპოლიტმა. მეუფე ნიკოლოზმა.
შეგახსენებთ, "მთავარმა არხმა" 5 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქის მოსაყდრე მოწამლეს და მის სისხლში დარიშხანის კვალი აღმოჩნდა.
სისხლში მომწამვლელი ნივთიერების არსებობის შესახებ ინფორმაცია 6 ივლისს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.