შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია | მცხეთის რწმუნებული

გამოქვეყნდა:

მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ცნობით, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ, სადაც ორი დღის წინ კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია.

როგორც დავით ნოზაძე "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ამბობს, ამ დროისთვის შეზღუდვა დაწესებულია მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც უშუალოდ მიმდინარეობდა სამუშაოები. მისივე თქმით, გეოლოგების დასკვნა დაახლოებით ორ დღეში იქნება ცნობილი.

"გეოლოგების მიერ გაცემული იყო პირველადი რეკომენდაციები. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია სამუშაოები, ტექნიკამ დაასრულა მუშაობა, გატანილია ჩამოტანილი ნაშალი კლდის მასა. რაიმე საფრთხე არ არსებობს. კონკრეტულ რეკომენდაციებს წერილობით მოგვაწვდიან გეოლოგიის სპეციალისტები. შეზღუდვა რჩება ტერიტორიის მხოლოდ ერთ ნაწილზე, სადაც უშუალოდ სამუშაოები მიმდინარეობდა. დაველოდებით გეოლოგების დასკვნას და მათი რეკომენდაციების შესაბამისად განვახორციელებთ სამუშაოებს, თუ რამე მითითებას მოგვცემენ," - განაცხადა დავით ნოზაძემ.

მას ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, რამდენად არსებობს საფრთხე ტერიტორიაზე, რაზეც მან აღნიშნა:

"გარკვეული ნაწილის ჩამოშლა დასაშვებია თეორიულად, მაგრამ ნამდვილად არ არის რაიმე მითითება, რომ ამის მოლოდინი არსებობდეს. იმ შემთხვევაში, თუ მცირე მასა ჩამოიშლება, კვლავ საჭირო იქნება გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება. ისეთი არ არის, რომ რაიმეს შეუქმნას საფრთხე,"- თქვა ნოზაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი