"ქართული ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლის დროს პარტიის ცენტრალური ოფისის წინ - ერეკლე მეფის ქუჩაზე მშენებლობა დააანონსა. ამ მოტივით თბილისის განვითარების ფონდმა ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლები დაუნგრია იმ პირობით, რომ მალე ახალ ბინებში გადავიდოდნენ. ამ დაპირებიდან 11 წლის შემდეგ კი მოსახლეობის ნაწილი ისევ ახალი სახლის მოლოდინშია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ მერია 600 ლარით ეხმარება, თუმცა გაძვირებული ქირის ფონზე აღნიშნულიც არაა საკმარისი.
"2012 წელს დაგვინგრიეს სახლი იმ პირობით, რომ აგვიშენდებოდა, დავკმაყოფილდებოდით მოსახლეები, იმიტომ, რომ ძველი უბანია, გარშემო ხედავთ. რაც ორ წელში მოხდებოდა მშენებლობის დასრულება, მაგრამ მოხდა ისე, რომ ამდენი წელი გავიდა და ჯერაც არ აშენებულა ჩვენი სახლი. ქირით ვმოგზაურობდით, რამდენიმე წელი ვიყავით ერთ სახლში, მერე მეორე სახლში, მესამე სახლში, ეს ძალიან რთულია", - ამბობს ხათუნა ხეთერელი.
ადგილზე ორი საცხოვრებელი უნდა აშენებულიყო, მათგან ერთი აშენდა, თუმცა იქ მოსახლეობა ჯერ შესახლებული არაა.
"განვითარების ფონდმა აიღო ვალდებულება და 2022 წელს უნდა ჩაებარებინა ერეკლე მეორეს 6 ნომერი და 7 ნომერი, სამწუხაროდ, 6 ნომერი სრულდება და 7 ნომერი ჯერ დაწყებულიც არ არის. არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია თუ როდის დაიწყება, როდის დასრულდება, ვართ გაურკვეველ მდგომარეობაში", - ამბობს მაია ახალაძე, ადვოკატი.