შოვის ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლი - ინტერესდება თუ არა სახელმწიფო სტიქიის ზონაში მომუშავეების ჯანმრთელობის მდგომარეობით

გამოქვეყნდა:

შოვის ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლი - 50 წლის კაცი, სამხედრო მოსამსახურე, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით დაიღუპა. 

თემურ ხარჩილავა, გამოცდილი სამხედრო მოსამსახურე, თავის ჯარისკაცებთან ერთად ტრაგედიის ადგილზე 10 დღეზე მეტხანს მუშაობდა. ოჯახის ახლობლები ყვებიან, რომ სახლში დაბრუნება წესით დღეს უწევდა.  მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. 

ხარჩილავა აფხაზეთიდან დევნილი იყო და ზუგდიდში ცხოვრობდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ოჯახის ახლობლები ყვებიან, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია. ის თავდაცვის ძალებში 10 წელზე მეტხანს მსახურობდა და ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი იყო.

შოვში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა ამბროლაურის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი 48 წლის მირიან ჭელიძეც. ეს 22 დღის წინ მოხდა, მიზეზი ამ შემთხვევაშიც გულის შეტევა იყო.

უკვე 26-ე დღეა შოვში მაშველები, სამართალდამცავები და ჯარისკაცები გაუჩერებლად მუშაობენ. ფიზიკური დატვირთვისა და სტრესის ფონზე მათი ჯანმრთელობითა და ფსიქოლოგიური მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა. ფსიქოლოგიური დახმარება სახელმწიფოს არც მათთვის შეუთავაზებია, ვინც სტიქიას შემთხვევით გადაურჩა და დახმარებას საათების განმავლობაში ტალახში ელოდებოდა და არც მათთვის, ვისაც სტიქიამ თითქმის ყველა ახლობელი წაართვა.

29 აგვისტოს მონაცემებით, ნაპოვნია 31 ცხედარი რომელთაგან ყველა იდენტიფიცირებულია, ამ დრომდე ეძებენ 2 მცირეწლოვანს. 

ავტორი: ნინო ჟიჟილაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი