
ჭავჭავაძის გამზირზე სპორტის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენის, ნოშიკო ნამორაძის კომპანია 180-მეტრიან ცათამბჯენს აშენებს. კომპანიამ სპორტის უნივერსიტეტის დემონტაჟი უკვე დაიწყო.
მშენებლობის პროექტი გასულ კვირას თბილისის საკრებულოში დამტკიცებული სადაო პროექტებიდან ერთ-ერთია. გეოლოგებისა და სეისმოლოგების თქმით, მაღალსართულიანი შენობის მშენებლობა ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიისთვის საფრთხის შემცველია.
საპირისპიროს ამბობენ "ქართულ ოცნებაში". საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, ტერიტორია სპეციალისტების მიერ წინასწარ შემოწმდა და მშენებლობა საფრთხეს არ წარმოადგენს.
"სპორტის უნივერსიტეტის პროექტის პირველი ნაწილი უკვე გასული იყო და წინა სხდომაზე შევათანხმეთ უკვე დასრულებული პროექტი. მორჩა იქ უკვე დავალება არ არის, არანაირი არსებითი საფრთხის შესახებ არ ყოფილა ცნობა და კვლევებმაც აჩვენეს, რომ არსებითად იქ რაიმე მსგავსი პრობლემა არ არის და დანარჩენთან დაკავშირებით არქიტექტურის სამსახური შეითანხმებს პროექტს და დამატებითი ღონისძიებები იქ გამოჩნდება", - თქვა ოთარ გრიგოლიამ.
ოპოზიციაში მშენებლობის პროექტს აპროტესტებენ და კორუფციულ სქემებზე საუბრობენ.
ავტორი: საბა ბუაძე