
ღვაწლმოსილი პედაგოგების შერჩევის პროცესი ხვალიდან დაიწყება - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობამ 27 ოქტომბერი მასწავლებლის დღედ დააწესა, რომლის ფარგლებშიც ღვაწლმოსილ პედაგოგებს სამკერდე ნიშნებსა და 10 000 ლარს გადასცემს
"სიმბოლურად 27 ოქტომბერი შეირჩა, ეს არის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე, მასწავლებლის და პედაგოგიკის ფუძემდებლის. სიმბოლურია, რომ ამ დღეს განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სხვადასხვა ნომინაციაში ღირსეული და დამსახურებული მასწავლებლები გამოვლინდებიან, რომელთაც გადაეცემათ სპეციალური ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით. ამ ეროვნული დღისთვის, სპეციალურად შექმნილია სამკერდე ნიშანი. სამინისტრო განსაზღვრავს შესაბამის კრიტერიუმებს, კრიტერიუმები იქნება ზოგადი ხასიათის - ყველა მასწავლებელს, ვისაც წვლილი მიუძღვის იმ წელს სწავლის პროცესში განსაკუთრებულ მიდგომაში, სხვადასხვა სწავლის მეთოდის დანერგვაში, ბავშვებთან განსაკუთრებული მიდგომების გამოვლენაში, მშობლებთან ურთიერთობაში, სასკოლო საზოგადოებასა და სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შევაგროვებთ სკოლის მასწავლებლების ისტორიებს. ფართო ინკლუზიური კომისიის შემადგენლობაში გარდა სამინისტროს წარმომადგენლებისა, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც შევლენ. ერთობლივად მოხდება საუკეთესო ისტორიებისა და მასწავლებლების გადარჩევა და შესაბამისად მათი დაჯილდოება. ამ პროცესს ხვალიდან დავიწყებთ”, - განაცხადა ამილახვარმა.