დედაქალაქში ისტორიული კედელი დაანგრიეს. თბილისის ცენტრში, ლაღიძის ქუჩაზე, შენობა-ნაგებობის დემონტაჟის უფლება თბილისის მერიამ "ქართული ოცნების" დეპუტატის, ბეჟან წაქაძის, შვილის საკუთრებაში არსებულ კომპანია "ნიუ ჰაუსს" მისცა. ის ამ ადგილას მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავს.
ოპონენტები დარღვევებზე საუბრობენ და თბილისის მერ კახა კალაძისგან განმარტებებს ითხოვენ.
"კახი კალაძე აგრძელებს თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებას და ურბანულ მავნებლობას. ამჯერად, კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შეეწირა მხოლოდ იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატის, ბატონი ბეჟან წაქაძის ოჯახს დამატებითი მილიონები ეშოვა, აი, ამ ნგრევის საფუძველზე. და კახი კალაძე ბოტებს რომ ამოიცმევს ხოლმე და სამარიაჟოდ დადის კამერების წინაშე, მობრძანდეს ეხლა და გაგვცეს პასუხი რატომ მისცა ნებართვა "ქართული ოცნების" დეპუტატს, რომ თბილისის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დანგრეულიყო, განადგურებულიყო და ამით ეშოვა "ქართული ოცნების" დეპუტატს მილიონობით დოლარი. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამაზე კახი კალაძემაც, ბეჟან წაქაძემაც და ყველა იმ ადამიანმა, ვინც მიიღო ამ მავნებლობაში მონაწილეობა, უნდა აგოს აუცილებლად პასუხი", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ნადირაძე.
ბეჟან წაქაძე ბრალდებებს უარყოფს და "მთავარ არხთან" აცხადებს:
"ჩემი შვილის კომპანიაა და მას დაურეკეთ, მე დეტალებში არ ვიცი...ტყუილებს ავრცელებთ ყველგან. არავითარი ისტორიული ძეგლი არაა, დანგრეული შენობა იყო მანდ".