სწავლა 15 სექტემბერს განახლდება - ახალი რეკომენდაციები და თავსატეხი სკოლებს

გამოქვეყნდა:

15 სექტემბერს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. მოსწავლეების მშობლები შიშობენ, რომ მოზარდები რეგულაციებს სათანადოდ ვერ დაიცავენ. მთავარი პრობლემა, რომელიც სასწავლო დაწესებულებაშია - მოუწესრიგებელი სველი წერტილები და გაუმართავი ინფრასტრუქტურაა.

ორთვიანი ლოდინის შემდეგ დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლის ადმინისტრაციას თავსატეხი მისცა. რეკომენდაციები, რომლებიც ჯერ მხოლოდ ფურცელზეა გაწერილი. საკლასო ოთახებში მოსწავლეთა რაოდენობა არ იზღუდება, მაგრამ ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა მთავარი რეკომენდაციაა. გარდა ამისა, სკოლებს ევალებათ პირბადეებისა და სადეზინფექციო ხსნარების შეძენა. ასევე ყოველ დასვენებაზე უნდა დამუშავდეს სველი წერტილები და მერხები. სკოლებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ გადატვირთვის მიზნით, სწავლა რამდენიმე ცვლაზე გადაიყვანონ, რაც დამატებითი პრობლემაა. 

ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს ამ რეკომენდაციების შესრულება სირთულეებთან, რომ არის დაკავშირებული სკოლის დირექტორები ღიად საუბრობენ. განსაკუთრებულად რთული ახალი ნორმების დაცვა პატარა შენობებში იქნება. უფრო დიდ სკოლებში კი საკლასო ოთახების ნაწილი დაიკეტება და სწავლა, სავარაუდოდ, ორ ცვლაში განახლდება. სკოლების ხელმძღვანელი პირები ამბობენ, რომ ახალი რეკომენდაციები ფინანსებთან ერთად ადამიანურ რესურსთანაც არის დაკავშირებული.

განსაკუთრებით რთულად არის ვითარება რეგიონებში. სოფლებში და პატარა ქალაქებში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი სკოლები, სადაც არა თუ პანდემიის პირობებში, ჩვეულებრივ დროსაც კი ჰიგიენის ნორმების დაცვა შეუძლებელია. ოფიციალურ უწყებებში არ უსაუბრიათ, როგორ დაიცავენ კოვიდინფექციისგან რეგიონების იმ სკოლების მოსწავლეებს, სადაც არც წყალია და შესაბამისად, არც მოწესრიგებული საპირფარეშო.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ შესაბამისმა უწყებებმა კოვიდპანდემიის გათვალისწინებით სასკოლო ინფრასტრუქტურაზე არ იზრუნეს. შესაბამისად, მათი შეფასებით ეს რეკომენდაციები მხოლოდ ფორმალობაა და ის რეალურად ფურცელზე დარჩება. გარდა ამისა, ახალი წესების დაცვის შემთხვევაში პედაგოგებს შრომა გაუორმაგდებათ, ანაზღაურება იგივე დარჩებათ და მოსწავლეებიც საჭირო შედეგს ვერ მიიღებენ. 

ახლა საქართველოს მასშტაბით 2084 სკოლა ახალ რეკომენდაციებზე მორგებას ცდილობს. ამბობენ, რომ ერთ თვეში სისტემის მთლიანად შეცვლა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მოთხოვნის გათვალისწინება მოუწევთ და მოუწევთ შექმნან უსაფრთხო გარემო, რომელიც ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით სინამდვილეში მხოლოდ ილუზია იქნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი