5G-ს დასანერგად სიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიები, 15 წლით, "სელფი მობაილს" მიენიჭა

გამოქვეყნდა:

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიები 15 წლის ვადით "სელფი მობაილს" მიენიჭა. კომისიის მიერ მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში, "სელფი მობაილი" ერთი კომბინირებული და სამი ცალკემდგომი ლოტის გამარჯვებულად გამოცხადდა, რაც 700 მჰც, 3400-3600 მჰც, 2600 მჰც და 1800 მჰც სიხშირულ დიაპაზონებს მოიცავდა.

"აღნიშნული ლოტების საფასურმა ჯამში 4 497 045 ლარი შეადგინა, ხოლო ლიცენზიის მოსაპოვებლად, ოპერატორმა დადგენილი თანხის 30% სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა.

აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, „სელფი მობაილს“ გაუჩნდა ვალდებულება, საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO) დაუშვას, რისთვისაც აუქციონის ფარგლებში 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა", - აღნიშნულია განცხადებაში.

5G - ეს არის ახალი თაობის უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორს ახალ საფეხურზე გადაიყვანს.

ცნობისთვის, კომუნიკაციების კომისიამ, 5G ინტერნეტის დასანერგად აუქციონი 4 კომბინირებულ და 20 ცალკემდგომ ლოტზე გამოაცხადა. აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ "სელფი მობაილმა" მიიღო. კომისია ამბობს, რომ სხვა ოპერატორების მიერ აუქციონის პირობებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები, თითქმის სრულად გაითვალისწინეს. 

თავდაპირველად, მეხუთე თაობის ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირის მოსაპოვებლად, ოპერატორებს ოთხივე კომბინირებულ ლოტზე ჰქონდათ ვალდებულება, საკუთარ ქსელზე MVNO ოპერატორი დაეშვათ, რისთვისაც კომპანიები დამატებით ფასდაკლებას მიიღებდნენ. კომპანიების მოთხოვნის საფუძველზე, იმისთვის, რომ ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიის დანერგვა არ შეფერხებულიყო, ComCom-მა ერთ კომბინირებულ და ორ ცალკემდგომ ლოტზე აუქციონი MVNO ვალდებულების გარეშე გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი