
ოზურგეთის მიერიის ცნობით, უხვი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, მოტეხილია ხეები და ჩამოშლილია მიწის მასები. უწყება ამბობს, რომ ადგილზე იმყოფება მერი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
სტიქიის გამო რეგიონში ამოქმედდა ცხელი ხაზი - 577 601 304
"ამ წუთებში მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ ვითარებას დეტალურად ვეცნობით და ყველაფერს ვაკეთებთ მოსახლეობის დასახმარებლად. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები", - თქვა მერმა.
რაც შეეხება ლანჩხუთს, მერიის ცნობით, მეწყერი ჩამოწვა რამდენიმე სოფელში, დატბორილია ოჯახები, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა. უწყება ამბობს, რომ სოფლებში იმყოფება ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი.
"ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი. მერიის შესაბამისი სამსახურები სტიქიის ზონაში იმყოფებიან", - წერია განცხადებაში.
ლანჩხუთის მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზი: 599058700
ცნობისთვის, გურიაში სტიქიის შედეგად დაკარგულ 2 ადამიანს ეძებენ, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ერთი არასრულწლოვანის ცხედარი მაშველებმა ჯუმათში იპოვეს.