ლანჩხუთის მერის წარმომადგენლის თქმით, სოფელში მოქალაქე სიმაღლეზეა ასული და ჩამოყვანა ვერ ხერხდება - გამოძახებულია ვერტმფრენი

გამოქვეყნდა:

სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენლის, დავით გუმბარიძის ინფორმაციით, მეზობელ სოფელში ვერტმფრენის ჩართვაა საჭირო. როგორც გუმბარიძე ამბობს, მდინარის პირას გადარჩენის მიზნით, მოქალაქე სიმაღლეზეა ასული და მისი ჩამოყვანა ვერ ხერხდება. კომენტარს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

მისივე თქმით, ვერტმფრენი უკვე გამოძახებულია, თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია რომელ სოფელზეა საუბარი.

"ძლიერი ნალექის შედეგად მდინარემ დატოვა კალაპოტი და გადმოდის. სოფლებში უკვე ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქვს. შეძლებისდაგვარად, სამაშველო სამსახური მუშაობს, ჩვენც ჩართულები ვართ, პოლიცია აქტიურად გვეხმარება. მოქალაქეები იმ სახლებიდან გამოგვყავს, სადაც არ არის მეორე სართული და პირველი სართული დაბალია. გამოგვყავს მოსახლეობა შეძლებისდაგვარად. ადგილობრივებიც გვეხმარებიან, ნავებით გამოჰყავთ ხალხი. ვინც დასახმარებლად გვირეკავს, არავინ გვრჩება უყურადღებოდ.

წვიმა გრძელდება, მატულობს წყლის დონე და თუ ასე გაგრძელდა, არ ვიცი რა გვეშველება. ვერტმფრენის ჩართვა მეორე სოფელში არის საჭირო. ადამიანი, რომელიც სიმაღლეზეა ასული ე.წ. "ვიშკაზე." ჩამოყვანა ვერ ხერხდება, მდინარის პირას არის, მანქანა წყალმა გასტაცა და ვერტმფრენის ჩართულობის გარეშე ვერ გამოგვყავს. მე როგორც ვიცი, ვერტმფრენი გამოძახებულია თბილისიდან და ელოდებიან წუთი წუთზე," - თქვა გუმბარიძემ [IPN].

ცნობისთვის, გურიაში, სტიქიის ზონაში, ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ერთი პირის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება. მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი