
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი მოქალაქე ჭაბურღილის დატბორილი ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს. მანამდე "ინტერპრესნიუსს" სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ გადარჩენის მიზნით, მოქალაქე სიმაღლეზე მას შემდეგ ავიდა, რაც მანქანა წყალმა გასტაცა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, რომ მათი გამოყვანა ნავით მოხდა.
"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის მიერ, ჭაბურღილის დატბორილი ტერიტორიიდან, ორი ადამიანი ნავის საშუალებით უსაფრთხო ადგილას არის გამოყვანილი.
ჯამში მეხანძრე მაშველების მიერ, 13 მოქალაქე უსაფრთხო ადგილასაა გამოყვანილი, ნაპოვნია ორი ცხედარი და ერთი პირის მიმართ სამძებრო სამუშაოები გრძელდება", - აცხადებენ უწყებაში.
გურიაში ძლიერმა წვიმამ დატბორა სახლები, გზები, საკარმიდამო მიწები, რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. დაღუპულია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. კიდევ ერთ დაკარგულს ეძებენ.