
"ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სტუდენტები ვერ იხდიან ბინის ქირას და პარალელურად ღარიბაშვილი შვილს ამერიკაში უშვებს ჩარტერული რეისით", - ასე ეხმაურებიან სტუდენტები პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკულ ვოიაჟს.
ამბობენ, რომ უსახსრობის გამო სწავლის გაგრძელებას ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვერ ახერხებს და მიუხედავად იმისა, რომ მათ გრანტი აქვთ აღებული, ბინის ქირის გადახდა არ შეუძლიათ და საბოლოოდ, უნივერსიტეტში სწავლის გარეშე რჩებიან.
ცნობილია, რომ ამ დროისთვის სტუდენტის სტატუსი 70 ათასზე მეტ ახალგაზრდას აქვს შეწყვეტილი.
ცნობისთვის, გუშინ, 9 სექტემბერს, TV პირველის ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა. გაიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა.
ავტორი: ნინი ბალანჩივაძე