მშენებლობა ისე დაიწყო, დეტალური გეოლოგიური შესწავლა-შეფასებები არავის გაუკეთებია - ექსპერტები შუახევი ჰესზე

გამოქვეყნდა:

178 მგვტ-იანი შუახევი ჰესმა კომერციული ოპერირება 2020 წლის მარტში დაიწყო. ის ენგურჰესის შემდეგ სიდიდით მეორეა საქართველოში. "პოსტ ფაქტუმში" გავიდა ბექა ყორშიას სიუჟეტი, სადაც ჩანს, რომ ჰესის მთავარი გამყოფი კედელი დაზიანებულია და წყალი ჟონავს. ეს ხელმეორედ გახსნიდან 2 კვირაში მოხდა. 

ჰესის მშენებლობაზე 450 მილიონი დოლარი გამოიყო, 2017 წელს, გახსნის შემდეგ ერთ თვეში, ჰესის მთავარი გვირაბი ჩამოინგრა. მშენებლობის ბიუჯეტი კიდევ 200 მილიონით გაიზარდა, რემონტი კი 2022 წელს დასრულდა. 

"მთავარი არხის" ჟურნალისტის, ბექა ყორშიას სიუჟეტის შემდეგ დღეს მერის მოადგილემ გურამ ზოიძემ გვითხრა, რომ დაკავებულია და მოგვიანებით დაგვიკავშირდებოდა.

"ნელი მოქმედების ნაღმი, როდესაც დაგუბებული გაქვთ წყალი და ფაქტობრივად კედელი, რომელიც ამ წყალს იჭერს, არ არის სახარბიელო მდგომარეობაში. ადრეც იყო ეს პრობლემა, რამდენიმე წლის წინ, დაახლოებით 2 წლის წინ, როდესაც ჟონავდა წყალი. არის ხოლმე ასეთი რამ, ხდება კაშხლური ტიპის ჰესების შემთხვევაში, მაგრამ ახლა არის კატასტროფული მდგომარეობა. [...] დაგუბებული წყლის იქით, სადაც შეიძლება ამ წყალმა დატბოროს ტერიტორია, მოსახლეობაა, განვითარებულ ქვეყნებში რისკი ამ მოსახლეობის რაოდენობით ითვლება", - ამბობს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე.

დავით ჭიპაშვილი, "მწვანე ალტერნატივის" პროგრამის კოორდინატორი ამბობს, რომ ჰესის მშენებლობა ისე დაიწყო, რომ დეტალური გეოლოგიური შესწავლა-შეფასებები არავის გაუკეთებია. 

"ის დღემდე ასეთ სავალალო მდგომარეობაშია, ეს იმ პირობებში, როდესაც ეს პროექტი მდებარეობს გეოლოგიურად აქტიურ ზონაში, ზემო აჭარაში და პრაქტიკულად საფრთხეები არის მუდმივი", - ამბობს ის. 

შესაბამის უწყებებს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი