"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ცნობით, სოფელ საკორინთლოში ოკუპანტებმა ახალი საგუშაგო მოაწყვეს - ერგნეთში დღეს მორიგი შეხვედრა იმართება

გამოქვეყნდა:

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართება. მხარეები ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში უკვე იკრიბებიან.

დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს დააყენებენ. საუბარი შეეხება უკანონო ბორდერიზაციასაც, რადგან შეხვედრის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ რუსი ოკუპანტები ე.წ. ბორდერიზაციას ისევ აგრძელებენ და სამხედრო ინფრასტრუქტურის განახლებით არიან დაკავებულნი. 

გამყოფ ხაზთან არსებული ვითარების ამსახველი კადრები "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერმა, დავით ქაცარავამ, გადაიღო. მისი ინფორმაციით, სოფელ საკორინთლოში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სანგრები გათხარეს და ახალი საგუშაგო მოაწყვეს. როგორც ქაცარავა აღნიშნავს, სამუშაოები ცოტა ხნის წინ ხურვალეთი-ორჭოსანის მონაკვეთზე განხორციელდა. 

"პატრულირებაზე ვიმყოფებოდით ქარელის რაიონში, ერთ-ერთი სოფელია აბანო და კოდა, მიმდებარე ტერიტორიაზე, დოლომიტების საბადოსთან, სადაც აღმოვაჩინეთ რუსების ჩასაფრება, რომელიც განკუთვნილი იყო და გამიზნული იყო, სავარაუდოდ, ჩვენი მოქალაქეების გასატაცებლად. ადგილი იყო ძალიან კარგად შენიღბული ირგვლივ. ფოტოზეც და ვიდეომასალაზეც კარგად ჩანს, რომ თუ ახლომახლო ვინმე მუშაობს ან გადაადგილდება, ამ ადგილს ის ვერ დაინახავს.

უკვე არაერთ ლოკაციაზე სასანგრე სისტემების შექმნის ფაქტებს ვაფიქსირებთ. "ქართული ოცნება" ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკას აქტიურად მიმართავს, მაგრამ კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ ამ პოლიტიკას არანაირი შედეგი არ აქვს", - ამბობს ქაცარავა.

ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემების მიხედვით მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში შეიარაღებულმა ფორმირებებმა საქართველოს 12 მოქალაქე გაიტაცეს, უკანონო პატიმრობაში ამ დროისთვის საქართველოს 4 მოქალაქე რჩება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი