მთავარი მოწმის სიკვდილი ციხეში. ნახევარმილიონიან კორუფციულ სკანდალში ბრალდებული ვლადიმერ მიქელაძე ქუთისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ოჯახი და ადვოკატი მის დაღუპვას გულის მძიმე დაავადებას უკავშირებენ, მაგრამ საქმეში არსებობს სხვა საეჭვო გარემოებებიც. ბოლო სასამართლო სხდომაზე მიქელაძემ საჯაროდ ამხილა ხელვაჩაურის ყოფილი მერი, რომელსაც ქრთამის ნაწილი გადასცა.
მაგრამ, ამ მხილების მიუხედავად, ყოფილი მერი თავისუფალია. საგამოძიებო უწყებას ის არც კი გამოუკითხავს. და უფრო მეტიც - სკანდალის დაწყების შემდეგ ჯუმბერ ვარდმანიძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ დააწინაურეს. ახლა, "ოცნების" მაღალჩინოსანი უმუშევარია, იმ მიზეზით, რომ აზარტული თამაშებით გატაცებაში ამხილეს - კორუფციის თემაზე კი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მასთან კითხვები არ აქვს.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, სასამართლო სხდომაზე მიქელაძემ სკანდალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ 520 ათასი ლარიდან ჯამში 288 ათასი ლარი ხელვაჩაურის ყოფილ მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს, ხელზე გადასცა. მისივე თქმით, ბიუჯეტის ფულს ხელვაჩაურის მერიის მაღალჩინოსნები კაბინეტებში, საპირფარეშოებსა და სახლებში ინაწილებდნენ.
მიქელაძე 2022 წლის 17 ოქტომბერს დააკავეს. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის ივლისში 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიქელაძეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.
ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელს მხოლოდ მიქელაძე იხდიდა, ხელვაჩაურის ყოფილ მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.
მიქელაძე "ხელვაჩაურის წყლის" დირექტორი იყო 2018 წლიდან 3 წლის განმავლობაში.