ნაღმი არ აღმოჩნდა, მიმდინარეობს გამოსახლება - აღსრულება შანხაიზე არსებულ ვითარებაზე

გამოქვეყნდა:

აღსრულების ბიუროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მაღალაშვილის ქუჩაზე ნაღმის არსებობა არ დადასტურდა, ბინაში მცხოვრებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, მიმდინარეობს გამოსახლება: 

"ჩვენ როცა აქ მოვედით მოვალემ განაცხადა, რომ მას ჰქონდა ნაღმი. ჩვენ როგორც გვევალება პროტოკოლით, ვაცნობეთ 112-ს. მოხდა გადამოწმება როგორც ბინის, ასევე ამ ადამიანის და ინფორმაცია აღმოჩნდა ცრუ. ამის შემდგომ ვაწარმოეთ მოლაპარაკება მხარეებთან. მათი შეთანხმება ვერ მოხერხდა, შესაბამისად მიმდინარეობს გამოსახლების პროცესი." განაცხადა პაატა შამუგიამ.

ბინაში მყოფი პირის, გიორგი ფიფიას ადვოკატის ინფორმაციით, ფიფია შეუძლოდ გახდა:

"რა თქმა უნდა არავითარი ნაღმი არ იყო იქ, გიორგი ფიფია ცუდად გახდა და სასწრაფო დასჭირდა. სასწრაფოსთან ერთად შიგნით შევიდნენ და დაიწყეს გამოსახლება. ასეთი ცრუ განცხადების საფუძველზე, ერთადერთი თავშესაფარი მისი არის ციხე. სხვა წასასვლელი არა აქვს" ამბობს ადვოკატი. 

სასამართლო დავა ორ მხარეს შორის, 2019 წელს დაიწყო 2020 წელს მოსამართლემ ფიფიას გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო. მხარეებს შორის მოლაპარაკებები 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც დღეს გამოსახლების პროცესი დაიწყო.  

მეორე მხარე თეთრიწყაროს მერის ყოფილი პირველი მოადგილე, დევი დევიძეა. ფიფიას საცხოვრებელი სახლი მის მფლობელობაში გადავა.

შეგახსენებთ, 112-ში, ნაღმის შესაძლო არსებობის შესახებ ინფორმაცია შანხაის დასახლებიდან, მაღალაშვილის ქუჩიდან შევიდა, სადაც გამოსახლება მიმდინარეობდა. თავდაპირველად არსებული ცნობებით, ბინაში მყოფი პირი ასაფეთქებლის გამოყენებით იმუქრებოდა.

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი