ქვეყანა ოკუპაციის ახალი ტალღის მოლოდინში - საოკუპაციო ძალები საქართველოს დამატებით ტერიტორიების მიტაცების გეგმაზე ალაპარაკდნენ.
ზემო რაჭიდან თრუსოს ხეობის ჩათვლით, ოკუპანტები არარსებული საზღვრის გაფართოებას გეგმავენ. საუბარია ტერიტორიაზე, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად არ დაკარგულა და რომელიც, რუკების მიხედვით, ამ დრომდე არ შედის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების შემადგენლობაში.
როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის ("ძალა ერთობაშია") დამფუძნებელი დავით ქაცარავა ამბობს, გასული თვის ბოლოს ოკუპირებული ცხინვალის "მთავრობის" დავალებით უკვე დასრულდა ე.წ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამუშოები, რის საფუძველზეც ოკუპაციის ახალი გეგმა მზადდება. მისი სისრულეში მოყვანის შემთხვევაში კი, ოკუპაციის ახალი კერები გაჩნდება ზემო რაჭის, ზემო იმერეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.
"საუბარი არის იმ რუკაზე, რომლის მიხედვითაც, საოკუპაციო რეჟიმი გეგმავს დამატებითი 208 კვადრატული კილომეტრის ოკუპაციას. ჩვენი ჯერჯერობით არაოკუპირებული ნაწილის ოკუპაციას. საუბარი არის, აი, ამ აღიარების გარეთ მდებარე 208 კვ.კმ.-ზე, რომელიც მთელი პერიმეტრის, მთელი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარეობს. დაწყებული მამისონის უღელტეხილით, დასრულებული თრუსოს ხეობით. საოკუპაციო რეჟიმმა ამაზე კარგა ხანია დაიწყო საუბარი და თავის ე.წ. სადელიმიტაციო კომისიას დაავალა ამ რუკების მომზადება. სრული იგნორირება ხდება აი, ამ უდიდესი საფრთხის, რასაც ჩვენი მიწების ახალი ოკუპაცია ჰქვია. ერთი პრევენციული ნაწილი არ გადაუდგამს ხელისუფლებას, თუნდაც განცხადების დონეზე. ჩვენ კი ველოდებით ახალი ოკუპაციის დაწყებას და, აი, ამ ოკუპაციის პირისპირ რჩება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობა," - აცხადებს ქაცარავა.
დელიმიტაციის პროცესზე ალაპარაკდა კრემლის პროპაგანდისტული მედიაც. როგორც რუსული გამოცემები წერენ, ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ მოხდეს ახალი ტერიტორიების ოკუპაცია.
ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო უწყებებს აღნიშნულის შესახებ განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.