
კახეთის სამი მუნიციპალიტეტის ყვარელის, თელავისა და ლაგოდეხის სოფლებში სტიქიის შედეგებს ითვლიან. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ გრემში, ჭიკაანსა და ალმატში სადაც თითქმის 100%-ით განადგურდა მსხმოიარე ვენახები.
მოსახლეობა ამბობს, რომ მათი შემოსავლის ძირითადი წყარო სწორედ ამ მოსავალზე იყო დამოკიდებული. ადგილობრივების თქმით, ყვარელში ღვინის ქარხნების უმეტესობას მოსავლის მიღება დაწყებული არ ჰქონდა.
"დავზარალდით ვენახით პირველ რიგში რაც უნდა შემოსავალი იყოს. ვენახი სულ მთელი აღარ არის ვენახი, აქამდე ხომ დავკრეფავდით, რომ ჩაბარება წესიერად ყოფილიყო", - ამბობს ადგილობრივი.
დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სახლების სახურავები, წყლის ჩასვლის გამო განადგურდა ავეჯი და ნივთები, დაიხოცა შინაური ფრინველი, დაზიანდა ავტომობილები.
"არაფერი აღარ არის, 100%-ით არის დასეტყვილი, რა უნდა ვქნათ, თუ მთავრობა გადაგვიხდის რამეს, თუ არა, დავრჩებით ჰაერზე. იმდენი მაინც გადაგვიხადონ რაც წამალში და შრომაში ჩაიდო", - ყვება ადგილობრივი.
გუბერნატორი გიორგი ალადაშვილი ამბობს, რომ ზარალის დათვლა მიმდინარეობს, ხოლო დაზარალებულ მოსახლეობას პრემიერის გადაწყვეტილების შესაბამისად დაეხმარებიან.
ავტორი: ია გულიაშვილი.