ვერ ვიქნები იმ გადაწყვეტილების მონაწილე, რომელზეც არც გავლენა მაქვს და არც ვეთანხმები - არჩილ მესტვირიშვილი

გამოქვეყნდა:

"ვერ ვიქნები იმ გადაწყვეტილების მონაწილე, რომელზეც არც გავლენა მაქვს და არც ვეთანხმები", - ასე ხსნის ეროვნული ბანკის საბჭოს უკვე ყოფილი წევრი და ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას. ეს კომენტარი მესტვირიშვილმა bm.ge-ს მისცა. 

მანამდე არჩილ მესტვირიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თანამდებობას ტოვებდა.

"მეგობრებო და კოლეგებო, ვტოვებ ეროვნულ ბანკში ჩემ თანამდებობას", - დაწერა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა Facebook-ზე. 

როგორც მესტვირიშვილი ამბობს, ნათია თურნავას გადაწყვეტილება მასთან არ შეუთანხმებია. 

"არ იყო ვალდებული ვინმესთან შეეთანხმებინა. თბილისში არ ვარ და ჩემთან არ ყოფილა გავლილი და არც ვალდებულება ჰქონია",- ამბობს მესტვირიშვილი გამოცემასთან. 

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა გამონაკლისი დაუშვა და სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე დაწესებული შეზღუდვა მოუხსნა. თუმცა, TBC და საქართველოს ბანკი აცხადებენ, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილების მიუხედავად, პოლიტიკას არ შეცვლიან და საერთაშორისო სანქციებს აღასრულებენ.

თურნავას მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, თანამდებობა ეროვნული ბანკის კიდევ ერთმა ვიცე-პრეზიდენტმა და საბჭოს წევრმა, პაპუნა ლეჟავამ დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი