გარემოვაჭრეები "დარბევის" მოლოდინში - დღეს საღამოს 3-დღიანი ვადა იწურება, რომელიც ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულ გარემოვაჭრეებს თბილისის მუნიციპალიტეტის სამსახურმა მისცა. ისინი, სავარაუდოდ, საღამოს მივლენ ადგილზე და გარემოვაჭრეებს ტერიტორიას იძულებით დაატოვებინებენ.
გარემოვაჭრეები, რომელთა უმრავლესობა ბუკინისტებს შეადგენენ, დედაქალაქის მერიისგან გონივრულ ვადას მოითხოვენ იმისთვის, რომ ალტერნატიული ტერიტორია მოძებნონ, სადაც წიგნების რეალიზებას შეძლებენ.
"ჩვენ ამით ვჭამთ ლუკმა-პურს და ჩვენს უკან ოჯახებია. არაფერს არ ვითხოვთ ამ ქვეყანაზე იმის გარდა, რომ გონივრული ვადა მოგვცენ. უბრალოდ თქვენ ხედავთ რამდენი წიგნია აქ და წასაღებიც არსად არ გვაქვს. რაც 12 წელი დანაზოგი გვქონია, ყველაფერი არის აქ ჩადებული. გაგვაფრთხილეს, რომ სამი დღეა, დღეს არის, ამაღამ, ბოლო ვადა. სამი დღე ძალიან ცოტაა, ცოტა ადრე, რომ ყოფილიყო შეტყობინებები ბოლო დანაზოგს აქ არ ჩავდებდით. ქუჩაში თუ გაგივლიათ და დაგინახავთ ნაგვიდან რომ ჭამს, ჩვენც იმ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით," - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.
გარემოვაჭრეებმა თბილისის მერიას წერილობით მიმართეს და დროის გადავადება მოითხოვეს, თუმცა მის განხილვას შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს.