ცხინვალის შერჩევითი მობილობის პოლიტიკა კორუფციისა და ახალგორელების დისკრიმინაციის წყაროა - DRI

გამოქვეყნდა:

​დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს, რომ ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმი ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობას თვეებია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ჰპირდება, თუმცა ამ დრომდე საკითხი ადგილობრივების სასარგებლოდ არ მოგვარებულა.

DRI-ის შეფასებით, ცხინვალის შერჩევითი მობილობის პოლიტიკა კორუფციის და ახალგორელების დისკრიმინაციის წყაროა. კერძოდ, საშვის მიღებასთან დაკავშირებული ხელოვნური დაბრკოლებები მოსახლეობას საშვის ასაღებად ქრთამის მიცემისკენ უბიძგებს. ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს კორუფციული მექანიზმი კი ადგილობრივი მუნიციპალური და უშიშროების სამსახურების ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობაა და მძიმე ტვირთად აწვება ეკონომიკურად შეჭირვებული რაიონის ქართულ მოსახლეობას.

"საქართველოს მთავრობის კონტროლს ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან ახალგორში შესვლის უფლებას ცხინვალი ჯერჯერობით მხოლოდ რაიონში დარჩენილი მარტოხელა და ხანდაზმული ადამიანების ნათესავებს და ოჯახის წევრებს აძლევს. მიუხედავად გადაადგილების რეჟიმის მოჩვენებითი შემსუბუქებისა, ამ უფლებით მოსარგებლეების რაოდენობა, სავარაუდოდ, დიდად არ გაიზრდება. იქიდან გამომდინარე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საშვებით გადაადგილების უფლება დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრეროგატივაა, ახალგორიდან წასული ბევრი ქართველისთვის მშობლიურ სახლებში დროებით დაბრუნება ნებისმიერ დროს შეიძლება რისკის შემცველი აღმოჩნდეს. ამის გარდა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ დე-ფაქტო მთავრობა ამ უფლებით პირობითად მოსარგებლეებს გარკვეულ ვადას აძლევს საშვის გამოსაყენებლად. გაცემიდან გარკვეულ პერიოდში საშვის გამოუყენებლობის შემთხვევაში, საშვი ავტომატურად უქმდება.

რაც შეეხება გადაადგილების შესაძლებლობის მიცემას იმ ახალგორელებისთვის, ვინც მარტოხელა და ხანდაზმული არაა, ფიზიკურად გადაადგილება შეუძლია და ეკონომიკური ან სხვა მიზნებით გამყოფი ხაზის გადაკვეთა სურს, მათ დე-ფაქტო მთავრობა ხელოვნურ ბარიერებს უქმნის. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ახალგორის საჯარო სექტორში დასაქმებულებს, მათ შორის, მუნიციპალურ-ადმინისტრაციულ სამსახურებში მომუშავე პირებს, მასწავლებლებს და მედიცინის მუშაკებს (დამხმარე პერსონალის გარდა), დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დატოვება ეკრძალებათ", - წერია განცხადებაში.

DRI წერს, რომ შერჩევითი მობილობის პოლიტიკა განუზომლად დიდ ძალაუფლებას აძლევს ადგილზე მოქმედ კორუმპირებულ მოხელეებს და ახალგორის მოსახლეობას კორუფციის კიდევ უფრო მტკივნეული ჩაგვრის ქვეშ აყენებს. ორგანიზაციის ცნობით, ამ საკითხის ყველაზე მძიმე ასპექტი ისაა, რომ ახალგორელებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად არავითარი სამართლებრივი ან ადმინისტრაციული სივრცე არ გააჩნიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი