
მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის წერს, რომ ბიჭვინთაში X-XI საუკუნეების ქართული ტაძარი რუსულ ყაიდაზე, თეთრად გადაღებეს, დაამონტაჟეს თეატრის სკამები. მოძრაობა შესაბამის ვიდეო კადრებსაც ავრცელებს, რომელიც მათივე ცნობით ამ წლის სექტემბერშია გადაღებული.
"კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ შეშფოთებას აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის განზრახ განადგურების ფართომასშტაბიანი პროცესის გამო.
„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (საყდრისის კომიტეტი) აქტივისტებმა, გალის და ოჩამჩირის რაიონების შემდეგ, სექტემბერში, მოახერხეს სოხუმში, გულრიფშში, გუდაუთასა და ბიჭვინთაში ძეგლების მდგომარეობის გაცნობა, ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება. ადგილზე სიტუაციის შესწავლამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარეობს ქართული კვალის წაშლის ორგანიზებული პროცესი, რაც უნიკალური მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება-განადგურებასა და ისტორიული ფაქტების დამახინჯებაში გამოიხატება", - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე შეფასებით, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია საერო, მათ შორის, საინჟინრო და საფორტიფიკაციო ძეგლები - მაგალითად, ბესლეთის (ბაგრატის) ციხე - V-XIV საუკუნეში ცხუმის ერისთავთა რეზიდენცია და იქვე, მდინარე ბესლეთზე, მდებარე ე.წ. თამარის ხიდი, ნგრევის პროცესშია შარვაშიძეების სასახლე სოფელ ლიხნში (გულრიფშის რაიონი).
"განსაკუთრებით შემაშფოთებელია X-XI საუკუნეების ბიჭვინთის უნიკალური ტაძრის მდგომარეობა, რომელშიც ამჟამად საკონცერტო დარბაზია მოწყობილი (?!), რის შედეგადაც, ბგერითი ტალღების არასათანადო რეგულაცია ჯერ კიდევ შემორჩენილი კედლის მხატვრობის და მოზაიკის ფრაგმენტებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს.
ქართული კვალის წაშლის პროცესი მიმდინარეობს სოხუმის ე.წ. ეროვნულ მუზეუმშიც, სადაც ქართველ მეფეთა ფრესკების ასლები შესაბამისი ინფორმაციის გარეშეა წარმოდგენილი, ასევე, ქართული კულტურული მემკვიდრეობის სხვა არტეფაქტებსაც არ ახლავს სათანადო აღწერილობა", - წერია განცხადებაში.
მოძრაობა ამბობს, რომ მათ ჯერ კიდევ 3 მაისს, საგანგებო წერილით მიმართეს ლურჯი ფარის საერთაშორისო წარმომადგენლობას და ICOMOS-ს, მოუწოდეს მათ იმოქმედონ ომის დროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ჰააგის 1954 წლის კონვენციის შესაბამისად და მეტი ყურადღება და აქტიურობა გამოიჩინონ აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადასარჩენად.
"მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" კიდევ ერთხელ მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს - საქართველოს ხელისუფლებას - და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ასევე, აკადემიურ წრეებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ბერკეტები და ჯერ კიდევ არსებული კავშირები მეორე მხარესთან, აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის დაუყოვნებლივ შესაჩერებლად.