იმერეთის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეზე მუქარისა და შანტაჟის ფაქტი დაფიქსირდა, სასწავლო პროცესი შეჩერებულია - "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს ადგილზე არც პედაგოგები, არც მანდატურები და არც დაცვის თანამშრომლები არ დახვდნენ. დირექტორი და მასწავლებლები საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარებას ელოდებიან.
გამომძიებლების კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ გახდება ცნობილი, მალავდა თუ არა სკოლის ადმინისტრაცია ერთი წლის განმავლობაში თანაკლასელის მხრიდან არასრულწლოვან გოგონაზე მუდმივ შანტაჟსა და მუქარას.
განათლების სამინისტრომ კი საგანგაშო ფაქტის მოკვლევა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ინფორმაცია მედიამ გაასაჯაროვა.
"დაწყებულია გამოძიება, როგორც ვიცით, დაადგენს ყველაფერს გამოძიება. ამ ეტაპზე ჩვენ ვერაფერს ვერ გეტყვით... ვასწავლიდი და ვიცნობდი, რა თქმა უნდა, ხალისიანი, კარგი ბავშვი არის და გამიკვირდა, ნამდვილად, რომ ვნახე," - ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი "მთავართან."
შეგახსენებთ, იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე გოგონა თანაკლასელის მხრიდან ბულინგისა და შანტაჟის მსხვერპლი გახდა. მას მუქარის შემცველი წერილი და ბასრი საგანი რამდენიმე დღის წინ ჩანთაში ჩაუდეს, რითაც აიძულებდნენ, რომ ფიზიკური დაზიანებები მიეყენებინა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.