საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძემ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
მიმართვაში ყოფილი გენერალური დირექტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ სურს, ჩრდილი მიაყენოს ტელევიზიის საქმიანობას.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, გადადგომის მიზეზი, შესაძლოა, მაღლაფერიძის პოლიტიკური გეგმებიც გამხდარიყო. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ მაღლაფერიძე "ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში ან განათლების მინისტრის თანამდებობაზე ვიხილოთ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს და მას ყოფილი გენერალური დირექტორიც ესწრება. საბჭოს ერთ-ერთი წევრის, გია ნიჟარაძის თქმით, მისთვის მაღლაფერიძის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.
მოულოდნელი იყო იმიტომ, რომ არ ყოფილა ამ საკითხზე ლაპარაკი, სულ სხვა საკითხებით ვიყავით დაკავებულები, - ამბობს ნიჟარაძე.