
დღეიდან მიქატაძის ქუჩაზე გადაადგილება ერთი თვის განმავლობაში შეიზღუდება
4 ოქტომბრის 23 საათიდან, შოთა მიქატაძის ქუჩაზე საავტომობილო გადაადგილება ერთი თვის განმავლობაში დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს და წერს, რომ მიქატაძის ქუჩაზე შეზღუდვა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო იგეგმება.
''შოთა მიქატაძის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება 4 ოქტომბრის 23:00 საათიდან ერთი თვის განმავლობაში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შოთა მიქატაძის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
სამუშაოების პერიოდში, შოთა მიქატაძის ქუჩაზე ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად - თიანეთის გზატკეცილიდან ლესელიძის ქუჩის მიმართულებით. კერძოდ, შოთა მიქატაძის, ლევან კბილაშვილის ქუჩებისა და თიანეთის გზატკეცილის კვეთიდან შოთა მიქატაძის, მიხეილ ხერგიანისა და კონსტანტინე ლესელის ქუჩების კვეთამდე). ლესელიძის ქუჩიდან თიანეთის გზატკეცილის მიმართულებით (შოთა მიქატაძის, მიხეილ ხერგიანისა და კონსტანტინე ლესელის ქუჩის კვეთიდან შოთა მიქატაძის, ლევან კბილაშვილის ქუჩებისა და თიანეთის გზატკეცილის კვეთის მიმართულებით) გადაადგილება შესაძლებელი იქნება მიხეილ ხერგიანის, ერმალოზ კობერიძის, იპოლიტე ვართაგავასა და სანდრო კანდელაკის ქუჩების გამოყენებით.
სამუშაოები შესრულდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შეიზღუდება კონსტანტინე ლესელიძის ქუჩიდან თიანეთის გზატკეცილის მიმართულებით გზის მარჯვენა მხარე, ხოლო მეორე ეტაპზე გზის მარცხენა მხარე. სამუშაოების პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. კერძოდ, ავტობუსი N351 გლდანულას დასახლების მიმართულებით მოძრაობისას, მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრიდან" მოძრაობას გააგრძელებს ფორე მოსულიშვილის ქუჩაზე, რის შემდეგ ქერჩისა და თიანეთის გზატკეცილის გავლით დაუკავშირდება გლდანულას დასახლებას, ხოლო გლდანულას დასახლებიდან ,,ახმეტელის თეატრთან" მოსახვედრად თიანეთის გზატკეცილიდან დაუკავშირდება სამამულო ომის გმირების ქუჩას, რის შემდეგ ხიზანიშვილის ქუჩიდან გადავა ვეკუას ქუჩაზე, დაუკავშირდება „ახმეტელის თეატრს" და იმოძრავებს დადგენილი სქემით.
რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N496 და N531 თიანეთის გზატკეცილიდან ნაცვლად მიქატაძის ქუჩისა, ლესელეძის ქუჩას კობერიძის და ხერგიანის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან, უკუმიმართულებისას ლესელიძის ქუჩიდან თიანეთის გზატკეცილს დაუკავშირდებიან ანალოგიურად ხერგიანისა და კობერიძის ქუჩების გავლით, რის შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით.'' - ნათქვამია მერიის განცხადებაში.