წითელი ხალიჩაა დააფინეთ, ახალი ფილმი მოდის - ავტორი გოგა ხაინდრავა იქნება, რომელმაც აფხაზეთის ავტონომიის ბიუჯეტიდან პირველი 100 ათასი უკვე აიღო
აგერ ბრძანება, აგერ მისი ნომერი. აგერ თარიღი, აგერ პუნქტი პირველი
„განხორციელდეს შპს კინო და ღვინოს პროექტის დოკუმენტური ფილმის „მუჰაჯირების ციკლიდან“ გადასაღებად, საჭირო საქონელი და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვით 100 000 ლარის ოდენობით“
აგერ ხელმომწერიც - მინისტრი ნიჟარაძე, რომელიც ახლა ამბობს, ეგ გადაწყვეტილება საერთოდაც არ მეხებაო
მინისტრის ფიცი უნდა გვწამდეს, მაგრამ გასაოცარ კუდებს მაინც ტოვებს. ისევ დოკუმენტების ფორმით. 100 ათასი ლარის გამოყოფის ბრძანებას მან ხელი 13 აგვისტოს მოაწერა, შპს კინო და ღვინოს დირექტორმა ხაინდრავამ კი ფული 7 აგვისტოს მიიღო. არა, გამარტივებული წესითო, ჩვენც წავიკითხეთ, მაგრამ არც ასეთი გამარტივებული უნდა იყოს საბიუჯეტო ფულის აღება, რომ ჯერ 100 ათასი ჩაიდო ჯიბეში და მერე ვიღაცებმა ეს ყველაფერი კანცელარიებში აფორმონ. ეჭვის გაფანტვა წესით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს შეუძლია, მაგრამ არ უნდა
ხაინდრავას წინაშე რომ ამ ქვეყანაში ნებისმიერი კარი იღება, დიდი ხანია ვიცით, მაგრამ თარიღების დამთხვევა რაღა გახდა, აუდიტის სამსახურს მაინც რომ არ გაუჩნდეს კითხვა. არადა, ამ სამსახურს ავტონომიის ბიუჯეტის ხარჯვის საკითხი უკვე შესწავლილი აქვს და ზუსტად იმ მუხლთან აქვს კითხვები, რომლითაც ხაინდრავამ 100 ათასი მიიღო. ბუღალტრების ენიდან რომ ვთარგმნოთ - აქ წერია, ამ მუხლით ფულს ვის და როგორ აძლევენ, მაღალმა ღმერთმა იცისო
მაღალმა კი იცის. ნუ, ღმერთმა თუ არა, მასთან მიახლოებულმა. იცის ალბათ იმ ღმერთთან მიახლოებულთან დაახლოებულმა ხაინდრავამაც, მაგრამ ახსნა არ უნდა.
შეეძლო თუ არა გოგა ხაინდრავას ფულის მიღება 7 აგვისტოს, ბრძანების ხელმოწერამდე 5 დღით ადრე, აუდიტმა და პროკურატურამ არკვიონ. თქვენ კი ინტერნეტით შეგიძლიათ გაარკვიოთ, ბანკის გარდა, სად იყო და რას აკეთებდა იმ დღეს გამდიდრებული რეჟისორი. 7 აგვისტოს ეთერების გმირი იყო და ომის ამბებს არჩევდა
შპს კინო და ღვინოს დირექტორმა ალბათ შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ ორგზის სახელმწიფო მინისტრს არ უნდა ეშლებოდეს, რომ ახალგორის რაიონი ბოლშევიკებმა 1922 წელსვე მოუხაზეს ე.წ. სამხრეთ ოსეთს. ოღონდ ეგ ახლა დეტალებია. ერთი დიდი კამპანიისა, რომელიც რეჟისორ-დირექტორს აქვს ნაკისრი იმ ცხრა წლის სალანძღავად და ამ რვა წლის სადიდებლად
უკონკურენტო ხელისუფლების ერთგულებაში ხაინდრავას შეუძლია, ქვეყნის დამანგრევლები უწოდოს 20 ივნისის ღამის მონაწილეებს;
უკონკურენტო ხელისუფლების ერთგულებაში ხაინდრავას შეუძლია, ლანძღოს სენატორები, კონგრესმენები და ევროდეპუტატები, რომლებმაც ივანიშვილს შებედეს სიტყვა პოლიტპატიმრები;
ბრძანების გარეშე დიდი ფულის გამარტივებულად მიღების გარდა, ხაინდრავას ვერ დაუკარგავ, რომ აზრი ყველაფერზე აქვს. არც ოპოზიციაში ყოფნისა ეშინია, თუმცა ხანდახან სუნი აწუხებს.
ფილმმა, რომლის პირველი ეტაპის, ანუ, სავარაუდოდ, სცენარზე მუშაობის 100 ათასი ხაინდრავამ უკვე აიღო, მე-19 საუკუნის მოჰაჯირების ამბავი უნდა მოყვეს. აფხაზეთის მთავრობის აზრით, ოკუპირებულ მიწებზე დარჩენილებს ისტორიას არასწორად ასწავლიან და ეს ხარვეზი ხაინდრავას ფილმმა უნდა გამოასწოროს და ამისთვის ფულის დანანება არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რას ამბობს აუდიტი და მიუხედავად იმისა, როგორ უჭირს თავად აფხაზეთის დევნილ მთავრობას, რომლის სართულზეც ვერ მოხვდებით, თუ ლიფტში 10 თეთრიანი არ გადაიხადეთ.