კონფლიქტი ეპისკოპოსებს შორის- გრემის ეკლესიის მიმდებარედ, ტურისტული ცენტრის მშენებლობა შეჩერებულია

გამოქვეყნდა:

გრემის ეკლესიის  მიმდებარედ დაწყებული ტურისტული ცენტრის მშენებლობა შეჩერებულია. ექსპერტ-კრიმინალისტებმა ტერიტორიას  ყვითელი ლენტი შემოავლეს და მშენებელ კომპანიას  სამუშაოების გაგრძელება აუკრძელს.

გრემის  სამეფო უბნის  ტერტორია წელიწადზე მეტია  დაპირისპირების   საგანია. ადგილი სადაც გეგმის მიხედვით  ვიზიტორებისთვის  კაფეები, მარანი და  მაღაზიები უნდა აშენდეს, მთავარანგელოზთა ეკლესიიდან 100 მეტრში მდებარეობს და  სავარაუდოდ მიწისქვეშ უძველესი ნანგრევებია. სწორედ ამიტომ, ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ აქ მშენებლობის დაწყება არ შეიძლება.

დოკუმენტების თანახმად, შპს კორპორაცია გრემის 100% -იანი წილის მფლობელია ნიკოლოზ თუშიშვილი. კომპანიის  ხელმძღვანელი გრემში "მთავარი არხის" გამოჩენისთანავე  მოვიდა და სპეციალური ბანერი მოიტანა, თუშიშვილი იმის დამტკიცებას ცდილობდა , რომ მშენებლობის ნებართვა აქვს და მისთვის  გაურკვეველია რატომ ეწინააღმდეგება ადგილობრივი ეპარქია და მოსახლეობა ტურისტული ცენტრის  მშენებლობას. 

მშენებლობის  გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ალავერდელი მეუფე დავითი და ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი. 

ირკვევა, რომ მეუფე სერგისთან შეთანხმების გარეშე მეუფე  დავითმა საპატრიარქოს 20 კაციან კომისიასთან ერთად შეისწავლა გრემის მიმდებარე ტერიტორია და დაადგინა, რომ მთავარანგელოზის კომპლექსს  საფრთხე არ ემუქრება. 

სამეცნიერო დასკვნების მიუხედავად, საპატრიარქოს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ტაძართან ძალიან ახლოს არც სამეფო უბნის უნიკალური ნაქალაქარია. საპატრიარქოს შეფასებას არ ეთანხმება ნეკრესელი მეუფე. მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ სამეფო უბანთან ერთად, გრემის კომპლექსიც საფრთხეშია .

მშენებლობის მომხრე ალავერდელმა ეპისკოპოსმა  სატელეფონო საუბარზე  უარი გვითხრა. ვრცელ ინტერვიუს მხოლოდ დაგვპირდა და განგვიმარტა, რომ  გრემის კომპლექსს საფრთხე არ ემუქრება.

ძეგლთა  დაცვის სააგენტოში  ამტკიცებენ, რომ გრემის კომპლექსს ახალი მშენებლობა არ დააზიანებს, რაც შეეხება ისტორიულ სამეფო უბანს, სააგენტოში განმარტავენ, რომ ტერიტორიის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ამ ადგილზე მიწისქვეშ ისტორიული ძეგლის არ არის, თუმცა მოსახლეობისა  და დამოუკიდებელი არქეოლოგის მოთხოვნის გამო, სანამ ახალი ექსპერტიზა არ ჩატარდება სამუშაოები შეჩერდება.

ოპოზიცია ადგილობრივი ხელისუფლების გულგრილ დამოკიდებულებაზე საუბრობს. გიორგი ბოტკოველი განმარტავს, რომ გრემის კომპლექსის სახელმწიფო მიწა ჯერ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაიფორმა შემდეგ კი უცნობ კერძო პირზე, ნიკოლოზ  თუშიშვილზე  გადაყიდა.

ახლა კიდევ ერთი ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს, რომლის შედეგადაც გადაწყდება, აშენდება თუ არა ტურისტული ცენტრი გრემის ისტორიულ ადგილზე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი