
20 ივნისს დაშავებული ჟურნალისტისთვის, ეკატერინე აბაშიძისთვის, შსს-ს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა - ინფორმაციას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ უწყებას დაზარალებულისთვის 3000 ლარის გადახდა მოუწევს.
საიას დახმარებით, 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ ჟურნალისტს, მორალური ზიანი აუნაზღაურდება.
ეკატერინე აბაშიძე საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციას ჟურნალისტის სტატუსით ესწრებოდა. ამ დროს, მას რეზინის ტყვიები მოხვდა და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 3 000 ლარის ოდენობით.
სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დასრულებამდე დადგა.
დაზარალებულის ინტერესებს, როგორც სასამართლოში, ისე, საგამოძიებო ორგანოში, წარმოადგენს #საია, - წერს საია.