1. ტელეკომპანია „მთავარი არხის“
2. ტელეკომპანია „კავკასიის“
3. ტელეკომპანია „ტვ პირველის“
4. ტელეკომპანია „ფორმულას”
5. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის
მ ი მ ა რ თ ვ ა
2020 წლის 1 ივნისს ძალაში უნდა შესულიყო ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში. აღნიშნული ცვლილებების ამოქმედება გადაიდო 2020 წლის 1 სექტემბრისთვის. წარმოდგენილი ცვლილებების ნაწილი, ერთი შეხედვით, გადმოტანილია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსიდან“, რომელიც თვითრეგულირების ქვეშ ექცეოდა, თუმცა ზოგიერთი ცვლილებები სახეცვლილი ფორმითაა წარმოდგენილი და ასევე მიღებულია ახალი სახის ცვლილებები. კეთილშობილური მიზნის ფასადირებით ცვლილებების კანონში გადმოტანით, სახელმწიფოს ეძლევა ბერკეტი განახორციელოს მაუწყებლების სრული სარედაქციო კონტროლი, რის შედეგადაც მაუწყებლებს შეექმნათ მძიმე ფინანსური პრობლემები სანქციის სახით და საბოლოო ჯამში, შეუჩერდებათ მაუწყებლობის უფლებაც. მოქმედმა პარლამენტმა ბუნდოვან საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, კიდევ უფრო გაამძაფრა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევისა და კონტროლის სამართლებრივი ბერკეტები და კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უჩერებს მაუწყებელს ლიცენზიის მოქმედებას.
მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები შეტანილ იქნა კანონში, კანონმდებელს არ განუსაზღვრია ბუნდოვანი ნორმების კანონისმიერი განმარტებები. არც მარეგულირებელ კომისიას შეუმუშავებია რაიმე სახის გზამკვლევი, რეკომენდაცია, დადგენილება, სადაც წარმოჩენილი იქნებოდა კომისიის ხედვა მოცემული ბუნდოვანი ნორმების განმარტებასთან დაკავშირებით, როგორც ეს გააკეთა კომისიამ, მაგალითად, სპონსორობასა და პროდუქტის განთავსებასთან დაკავშირებით.
მაუწყებლებისთვის, სამწუხაროდ ეს კანონი არის სრულიად არაგანჭვრეტადი და ბუნდოვანი. კანონი კი უნდა იყოს განჭვრეტადი, რომ სუბიექტმა შეძლოს მისი დაცვა.
სოფიო კილაძემ საჯაროდ მადლობა გადაუხადა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და მის ხელმძღვანელს, ბატონ კახი ბექაურს, რომელმაც სოფიო კილაძის აზრით, სამაგალითოდ გაართვა თავი კოდექსის აღსრულების მომზადებას. შესაბამისად, მაუწყებლებს გვაქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ კომისიას უკვე აქვს აბსოლუტური მკაფიო ხედვა ამ კანონზე და მის იმპლემენტაციაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უმოკლეს ვადაში გაგვცეთ პასუხები [ქრონოლოგიურად] კანონიდან გამომდინარე ბუნდოვან შეკითხვებზე, რათა ჩვენ შევძლოთ კანონის დაცვა.
I. მუხლი 56. პროგრამული შეზღუდვები
(5)აკრძალულია ისეთი პროგრამით შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდებისა და შესაბამისი საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე მაუწყებლობა, რომელიც ბავშვის ასაკს არ შეესაბამება და აფერხებს მის განვითარებას, აგრეთვე ბავშვის დამოუკიდებელ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბებას.
1. რას ნიშნავს „ბავშვის განვითარების შეფერხება“?
2. როგორ განისაზღვრება ბავშვის განვითარების შეფერხების კრიტერიუმები? ვინ ადგენს და სად არის გაწერილი ეს კრიტერიუმები?
3. როგორ, ვინ და რა ვადაში უნდა დაადგინოს შეფერხდა თუ არა ბავშვის განვითარება?
4. რას ნიშნავს ბავშვის დამოუკიდებელ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბება?
5. როგორ განისაზღვრება ბავშვის დამოუკიდებელ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბება? ვინ ადგენს და სად არის გაწერილი ეს კრიტერიუმები და როგორ უნდა დაიცვას ის მედიამ?
6. როგორ, ვინ და რა ვადაში უნდა დაადგინოს ბავშვის დამოუკიდებელ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბება?
7. როგორ უნდა განსაზღვროს მედიამ პროგრამა, ინფორმაცია აფერხებს თუ არა ბავშვის განვითარებას?
8. როგორ უნდა განსაზღვროს მედიამ, რომ პროგრამა, ინფორმაცია არ შეესაბამება და აფერხებს ბავშვის დამოუკიდებელ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბებას?
9. პროგრამაში, ინფორმაციაში მოიაზრება თუ არა მაგალითად, ისეთი გადაცემა სადაც შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს რესპონდენტის მიერ გადმოცემული ინფორმაცია? და პირდაპირ ეთერში?
10. აღნიშნული ნორმა, გულისხმობს თუ არა, მაგალითად, რომ საინფორმაციო გამოშვებებს, მათ შორის დღის გამოშვებებს, 22:00, 23:00 საათიანი ზონის ღამის თოქ-შოუებს, ანალიტიკურ გადაცემებს, პოლიტიკურ დებატებს, უნდა ჰქონდეს სპეციალური ნიშანდება? დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ გვიპასუხოთ, რომელ ცივილიზებული ქვეყნას აქვს მედიისთვის, სავალდებულო წესად, ასეთ გადაცემებზე მსგავსი სტანდარტი?
11. ცივილიზებული სამყაროს ყველა მედიაში, საინფორმაციო გამოშვებაში არსებობს უბედური შემთხვევების, დანაშაულებების გაშუქება, ვინაიდან ეს გაშუქების საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა („სამართალი“). გთხოვთ განგვიმარტოთ, ნიშნავს თუ არა, რომ სამართალთან, დანაშაულებებთან დაკავშირებული ამბების გაშუქება საფრთხის შემცველია არასრულწლოვანთათვის და მაუწყებელმა უნდა შეზღუდოს ან საერთოდ აღარ გააშუქოს მსგავსი ინფორმაცია?
12. მედიის გაშუქების ერთ-ერთი მიმართულებაა ასევე „პოლიტიკა“. მაგალითად, თუ მოხდა პარლამენტში ჩხუბი, აღნიშნულის გაშუქება დაარღვევს თუ არა კანონს?
13. მე-11 და მე-12 კითხვებიდან გამომდინარე, ნიშნავს თუ არა, რომ მაუწყებელს მხოლოდ 24:00 საათის შემდეგ შეუძლია გაუშვას საინფორმაციო გადაცემა, პოლიტიკური თოქ-შოუ და ა.შ?
II. მუხლი 561 . მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნის დაცვა
(1) მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა.
1. გთხოვთ მიგვითითოთ, რას ნიშნავს „ბავშვისთვის საფრთხის შემცველი“? იხელმძღვანელებს თუ არა კომისია „ბავშვთა უფლებათა კოდექსში“ მოცემული ამ დეფინიციით? „პ) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია − ძალადობის ან დანაშაულის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია, სექსუალური შინაარსის ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდას ან რომელშიც ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი;“
2. პირველ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ განგვიმარტოთ რას ნიშნავს
„ძალადობის ან დანაშაულის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია“? „სექსუალური შინაარსის ინფორმაცია“?, აგრეთვე „ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდას პროპაგანდას“? რას გულისხმობთ სიტყვა „პროპაგანდაში“? რა კრიტერიუმებით დგინდება ინფორმაცია პროპაგანდისთვისაა თუ უბრალოდ ინფორმაციისთვის?, ნიშნავს თუ არა, ფრაზა „ან რომელშიც ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი;“, რომ მაგალითად, საინფორმაციო გადაცემაში, სამართალთან დაკავშირებული ამბების გაშუქებისას, მიმოხილვისას ინფორმაციას ვერ აღვწერთ ვერც ვერბალურად ვერც გრაფიკული „რეკონსტრუქციის“ მეთოდით? აგრეთვე, თუ მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა მოულოდნელად, პირდაპირ ეთერში, ჩაითვლება თუ არა ეს კანონის დარღვევად?
3. გთხოვთ განმარტოთ, როგორ, რა სტანდარტით, რა კრიტერიუმით უნდა დადგინდეს მედიამ დაიცვა თუ არა არასწრულწლოვანი ბავშვი „საფრთხის შემცველი“ ინფორმაციისგან?
4. გთხოვთ განგვიმარტოთ, არის თუ არა მშობელი ვალდებული აკონტროლოს საკუთარი არასრულწლოვანი შვილის ცხოვრება თუ მხოლოდ მედიაა პასუხისმგებელი არასრუწლოვანის დაცვაზე?
5. გთხოვთ განგვიმარტოთ, თუ კომისიის დადგენილებით გათვალისწინებულ იქნა ინტერნეტ კონტენტზე მშობელს კონტროლი, რატომ არ არის იგივე გათვალისწინებული მედიაზე?
(2). მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.
1. კანონი არ იძლევა „ფიზიკური განვითარების“ დეფინიციას და არც „ფიზიკური განვითარებისთვის“ ზიანის მიყენებაა განმარტებული. გთხოვთ განგვიმარტოთ.
2. კანონი არ იძლევა „ფსიქოლოგიური განვითარების“ დეფინიციას და არც „ფსიქოლოგიური განვითარებისთვის“ ზიანის მიყენებაა განმარტებული. გთხოვთ განგვიმარტოთ.
3. კანონი არ იძლევა „ინტელექტუალური განვითარების“ დეფინიციას და არც „ინტელექტუალური განვითარებისთვის“ ზიანის მიყენებაა განმარტებული. გთხოვთ განგვიმარტოთ.
4. კანონი არ იძლევა „სულიერი განვითარების“ დეფინიციას და არც „სულიერი განვითარებისთვის“ ზიანის მიყენებაა განმარტებული. გთხოვთ განგვიმარტოთ.
5. კანონი არ იძლევა „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ დეფინიციას და არც „ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ ზიანის მიყენებაა განმარტებული. გთხოვთ განგვიმარტოთ.
6. კანონი არ იძლევა „ფიზიკური ჯანმრთელობის“ დეფინიციას და არც „ფიზიკური ჯანმრთელობისთვის“ ზიანის მიყენებაა განმარტებული. გთხოვთ განგვიმარტოთ.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით კანონი მიუთითებს „შესაძლო“ ზიანზე“. ე.ი, ნორმა კიდევ უფრო ბუნდოვანია. აღნიშნულთან დაკავშირებით, გთხოვთ განმარტოთ, რას ნიშნავს „შესაძლო“ ზიანი ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებაზე, ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და როგორ დგინდება „შესაძლო“ ზიანი. გთხოვთ გვითხრათ კონკრეტულად.
8. შეიძლება თუ არა საინფორმაციო გამოშვება, პოლიტიკური წინასაარჩევნო დებატები, პოლიტიკური თოქ-შოუ, ჰარდთოქი და ა.შ, ჩაითვალოს არასრულწლოვანისთვის ფსიქოლოგიური, სულიერი, ფიზიკური, ინტელექტუალური და ა.შ განვითარებაზე ზიანის ან „შესაძლო“ ზიანის მომტანად?
9. მე-8 კითხვიდან გამომდინარე, ნიშნავს თუ არა, რომ მაუწყებელს მხოლოდ 24:00 საათის შემდეგ შეუძლია გაუშვას საინფორმაციო გადაცემა, პოლიტიკური თოქ-შოუ და ა.შ?
(3). მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის სოციალიზაციას.
1. კანონი არ იძლევა „სოციალიზაციის“ განმარტებას. გთხოვთ განგვიმარტოთ, რას ნიშნავს არასრულწლოვანის „სოციალიზაცია“.
2. აღნიშნულთან დაკავშირებით კანონი მიუთითებს „შესაძლო“ ზიანზე“. ე.ი, ნორმა კიდევ უფრო ბუნდოვანია. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ განმარტოთ, რას ნიშნავს „შესაძლო“ ზიანი არასრულწლოვნის სოციალიზაციაზე.
3. მე-2 კითხვიდან გამომდინარე, ნიშნავს თუ არა, რომ მაუწყებელს მხოლოდ 24:00 საათის შემდეგ შეუძლია გაუშვას საინფორმაციო გადაცემა, პოლიტიკური თოქ-შოუ და ა.შ?
(4). მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად. -
1. 562 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, გთხოვთ დაგვიზუსტოთ, როგორც წარმოგიდგენიათ პრაქტიკაში, მაგალითად, 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების განთავსება?
III. მუხლი 562 . პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები
(1). 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:
გ) უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია;
1. ადვილად იმიტირებად ძალადობად შეიძლება ჩაითვალოს ფიზიკური დაპირისპირებაც, მოიაზრებს თუ არა ეს დათქმა რომ მაუწყებელს 18 წლამდე შეუფერებლად უნდა აღიქვას საინფორმაციო გადაცემაში გაშუქებული ფაქტები დანაშაულებების შესახებ, მათ შორის, საგამოძიებო უწყებების მიერ მედიისთვის გადაცემული მასალების გამოქვეყნებისგან თავის შეკავება?
2. შესაძლებელია თუ არა დარღვევად ჩაითვალოს მაგალითად, გენერალური პროკურატურაში, ან შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული და ეთერით გადაცემული ბრიფინგები, სადაც პროკურატურის ან შსს- წარმომადგენლები საზოგადოებას აცნობენ დანაშაულებებთან დაკავშირებული დეტალებს?
3. შესაძლებელია თუ არა, მაგალითად საქართველოს პარლამენტში ან სხვა ოფიციალურ უწყებაში პოლიტიკოსების დაპირისპირება, რომელიც გავიდა მაგალითად, საინფორმაციო გადაცემაში 15:00 საათზე, ჩაითვალოს კანონის დარღვევად?
4. ნიშნავს თუ არა, რომ მაუწყებელს შეიძლება დაუდგინდეს დარღვევა იმ შემთხვევაში თუ, მაგალითად, 16:00 საათზე, მოახდენს აქციის გაშუქებას, სადაც მოხდა დაპირისპირება, ძალადობა, დანაშაული?
დ) ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა); -
1. შესაძლებელია თუ არა დარღვევად ჩაითვალოს მაგალითად, გენერალური პროკურატურაში, ან შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული და ეთერით გადაცემული ბრიფინგები, სადაც პროკურატურის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საზოგადოებას აცნობენ დანაშაულებებთან დაკავშირებულ დეტალებს?
2. შესაძლებელია თუ არა, მაგალითად საქართველოს პარლამენტში ან სხვა ოფიციალურ უწყებაში პოლიტიკოსების დაპირისპირება, რომელიც გავიდა მაგალითად, საინფორმაციო გადაცემაში 15:00 საათზე, ჩაითვალოს კანონის დარღვევად?
3. ნიშნავს თუ არა, რომ მაუწყებელს შეიძლება დაუდგინდეს დარღვევა იმ შემთხვევაში თუ, მაგალითად, 16:00 საათზე, მოახდენს აქციის გაშუქებას სადაც მოხდა დაპირისპირება, ძალადობა, დანაშაული? მაგალითად, 20 ივნისის ღამის ძალადობის ამსახველი კადრების გაშვება საინფორმაციო გამოშვებებში და სხვა გადაცემებში ჩაითვლება თუ არა ამ მუხლის დარღვევად?
ე) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ახსნა-განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;
- ჩაითვლება თუ არა დარღვევად ასეთი სცენის „რეკონსტრუქცია“ („რეკონსტრუქციის“ მითითებით)მოვლენის სწორად წარმოჩენისთვის და თუ დანაშაულისთვის და მისი არსის და ფაქტების სწორად წარმოჩენისთვის არის ასე საჭირო?
ვ) თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;
- გთხოვთ განგვიმარტოთ, ჩაითვლება თუ არა აღნიშნული ნორმა დარღვეულად, მიუხედავად ეთერში გადაცემული სავალდებულო „პირქტოგრამისა“? ასევე, ჩაითვლება თუ არა დარღვევად, მაგალითად, ისეთი გადაცემა, ფილმი და სადაც საუბარია არაყზე, როგორც სადეზინფექციო, სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებაზე? ან, მაგალითად, ეთერში გაშვება სიმღერისა “ღვინოვ კახურო“?
ზ) ნარკოტიკის, საინექციო ხელსაწყოს, ნარკოტიკული ნივთიერების მომზადების ტექნოლოგიის ან გამოყენების პროცესის ახსნა-განმარტებას;
- ჩაითვლება თუ არა დარღვევად ასეთი სცენის „რეკონსტრუქცია“ („რეკონსტრუქციის“ მითითებით) მოვლენის სწორად წარმოჩენისთვის და თუ დანაშაულისთვის და მისი არსის და ფაქტების სწორად წარმოჩენისთვის არის ასე საჭირო? და/ან თუ ასეთ მასალას ავრცელებს სამართალდამცავი ორგანო პირდაპირ ეთერში?
თ) სცენას, რომელიც ეწევა თვითდასახიჩრების ან თვითმკვლელობის პროპაგანდას, აღწერს თვითმკვლელობის პროცესს ან საშუალებას;
- აღნიშნული ნორმის შესაბამისად, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს, რომ ცნობილი კინოფილმი, „რომეო და ჯულიეტა“ არ უნდა გავიდეს მაგალითად, ეთერში 22:00 საათზე? ასევე, გთხოვთ განმარტეთ რას ნიშნავს „თვითმკვლელობის პროპაგანდა“ და რა ჩაითვლება ამგვარად?
- შეიძლება თუ არა თვითმკვლელობის პროპაგანდად ჩაითვალოს თვითმკვლელობის ან თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტების გაშუქება საინფორმაციო გამოშვებებში და საზოგადოებრივ–პოლიტიკურ პროგრამებში.
ი) იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის (დანა, ნაჯახი და სხვა) ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენას;
1. ამ ნორმაში მითითებული ამგვარი სცენები არის სრულიად უწყინარ, პრიმიტიულ ინდურ სერიალებშიც კი. უფრო მეტიც, ვოლტ დისნეის სრულიად ჰუმანურ, ოსკაროსან მულტიპლიკაციურ ფილმებშიც კი. შესაბამისად, გთხოვთ განგვიმარტოთ, მაგალითად, თუ მაუწყებელი გადაწყვეტს რომ გაუშვას მის ეთერში მულტიპლიკაციური ფილმი „ტომი და ჯერი“, ან „სპაიდერმენი“ ეს პროდუქცია უნდა გავუშვათ 24:00 საათის შემდეგ და მას უყურონ მხოლოდ ზრდასრულმა, მაგალითად მამაკაცებმა და არა ბავშვებმა დღისით?
2. ასევე, ჩაითვლება თუ არა დარღვევად ასეთი სცენის „რეკონსტრუქცია“ („რეკონსტრუქციის“ მითითებით) მოვლენის სწორად წარმოჩენისთვის და თუ დანაშაულისთვის და მისი არსის და ფაქტების სწორად წარმოჩენისთვის ასე არის საჭირო? და/ან თუ ასეთ მასალას ავრცელებს სამართალდამცავი ორგანო პირდაპირ ეთერში?
კ) აზარტული თამაშობის ამსახველ სცენას, მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით;
1. გთხოვთ განგვიმარტოთ, მაგალითად, შესაძლებელია თუ არა, რომ 22:00 საათზე ცნობილი ვარსკვლავური ფილმის “Ocean 11” მაუწყებელს დაეკისროს პასუხისმგებლობა?
2. მოიაზრებს თუ არა ეს დათქმა, რომ აკრძალულია აზარტული თამაშების კომპანიის რეკლამირება, ლოგოს ინტეგრირება პროგრამაში, ღამის გასართობ გადაცემაში, მაგალითად, 22:00 ან 23:00 საეთერო ზოლში, მიუხედავად იმისა, რომ რეკლამის შესახებ კანონით ეს არ არის აკრძალული?
ლ) ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს;
- გთხოვთ განგვიმარტოთ, მაგალითად, შესაძლებელია თუ არა, რომ 22:00 საათზე ფილმის “თეთრი ბაირაღები” გაშვებისთვის მაუწყებელს დაეკისროს პასუხისმგებელობა?
- გთხოვთ განგვიმარტოთ, დაეკისრება თუ არა მაუწყებელს პასუხისმგებლობა თუ, მაგალითად, პოლიტიკოსი კომენტირებისას დადებითად შეაფასებს, გაამართლებს ან წაახალისებს კრიმინალს, მაგალითად ამ ფრაზით - „იქნება დედა შეაგინა“?.
მ) ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალას.
- რა არის ოკულტიზმის მსგავსი მოვლენა?
2. 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს;
ბ) სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენას ან მის გრაფიკულ გამოსახულებას;
გ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია;
დ) ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან.
- რას იგულისხმება „ტერმინოლოგიაში? მაგალითად?
- ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დააკავეს ნარკოტიკების გამსაღებლები და ამოიღეს 1 კილო კოკაინი, არის თუ არა ამ მუხლის დარღვევა?
3. 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს;
ბ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას. –
1. ჩაითვლება თუ არა დარღვევად, თუ ეს მოულოდნელად ხდება პირდაპირ ეთერში?
2. ასევე, მაგალითად, თუ ვხედავთ როგორ აყენებენ შეურაცხყოფას პოლიციელს და ამას მედია აშუქებს?
3. მაგალითად, როგორც აგინებს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში პარლამენტარს?
4. 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს, აგრეთვე მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენის მომხდენი შინაარსის მქონე სცენას ან სიუჟეტს.
- ვოლტ დისნეის მულტფილმში "ბემბი", ბემბის უკლავენ დედას და ის ხდება ობოლი. ვინაიდან პატარა ბემბის უკვდება დედა, შესაძლოა თუ არა, რომ ამან ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენა მოახდინოს ბავშვზე? მაუწყებელის მიერ ამ მულტფილმის ეთერში განთავსებით კანონი დაირღვევა?
IV. ინტერნეტ გვერდზე განთავსებასთან დაკავშირებული კითხვა:
- ავალდებულებს თუ არა კომისია მაუწყებელს, რომ ინტერნეტში განთავსებულ მასალაზე ნიშანდების მინიჭების გარდა, ეს მასალა განათავსოს ვებგვერდზე მხოლოდ დროის იმ მონაკვეთში, როგორც ეს ეთერისთვის გაქვთ დაწესებული?
V. სანქციები
- გთხოვთ, განგვიმარტოთ სანქციების გამოყენების მექანიზმი
მაუწყებლები ხაზს ვუსვამთ, რომ არცერთი მაუწყებელი არ არის წინააღმდეგი დაიცვას ბავშვის უფლებები. თუმცა, ეს კეთილშობილური მიზანი უნდა იყოს მიღწეული ისე, რომ არ დაზიანდეს სხვა, ასევე დიდი სიკეთეები, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში. ამასთან, ამ კეთილშობილური მიზნის მისაღწევად არ შეიძლება ტოტალური პასუხისმგებლობა დაეკისროს მაუწყებელს. ამისთვის არის მსოფლიოში აღიარებული მთავარი პრინციპი- მშობლის კონტროლი (როგორც მაუწყებლობაზე, ისე ინტერნეტზე). იმისათვის, რომ მედიამ შეძლოს აღნიშნული კანონის დაცვა, კანონი უნდა იყოს მკაფიო და განჭვრეტადი. შესაბამისად, გთხოვთ ზემოაღნიშნულ კითხვებზე პასუხები იყოს მკაფიო და კონკრეტული და არ იყოს ისეთივე ბუნდოვანი, როგორც თავად ეს კანონია.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და 1 სექტემბრიდან წინასაარჩევნო პერიოდის დაწყების გამო, და ასევე, ვითვალისწინებთ რა, რომ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზეც თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ დრო, გთხოვთ, გამოაცხადოთ მორატორიუმი და საარჩევნო შედეგების საბოლოო ძალაში შესვლამდე არ მოხდეს კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე მაუწყებლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. ამავე პერიოდში, შესაძლებელი იქნება, რომ შეიმუშავოთ რაიმე სახის გზამკვლევი, რეკომენდაცია ან დადგენილება. ამის საფუძველს იძლევა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის მე-7 პუნქტი: „მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების წესები და შესაბამისი საეთერო დროის განსაზღვრის წესები დგინდება ამ კანონითა და კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით“. გთხოვთ, რომ ამ საკითხზე მუშაობა მოხდეს მაუწყებლების ჩართულობით და მათთან თანამშრომლობის რეჟიმში. მიგვაჩნია, რომ ამგვარი გზით მოქმედება უფრო მკაფიოს გახდის კანონს და მისი აღსრულების პროცესს ყველა მხარისთვის.
ხელმომწერი მაუწყებლები: