
რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში, ყოფილი მინისტრთა საბჭოს შენობაში, სასტუმრო "პრეზიდენტის" გახსნა იგეგმება. ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოსკოვში, აფხაზ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"არსებობენ ინვესტორები, რომლებიც მზად არიან განახორციელონ ინვესტიცია მთავრობის სახლის რეკონსტრუქციაში. ექსპერტიზა დაინიშნა და უახლოეს დღეებში უნდა მივიღოთ პასუხი, შეიძლება თუ არა ამ შენობის დასრულება, დატოვება ან მოგვიწევს მისი დანგრევა. ვფიქრობ, ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ. იმიტომ, რომ არიან ინვესტორები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამით", - განაცხადა ბჟანიამ.
ბჟანიას ინიციატივას აფხაზური საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ჩვენი დედაქალაქი" გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ომში "გამარჯვების სიმბოლოს სხვა საინვესტიციო ობიექტად" გადაქცევა მიუღებელია.
სოხუმის თავისუფლების მოედანზე მინისტრთა საბჭოს შენობა, რომელიც 1993 წლის ომის დროს დაიწვა, დღემდე არ აღუდგენიათ.