
ადამიანური კაპიტალის ცვლილება/განახლება ნებისმიერი კერძო თუ საჯარო ორგანიზაციის თანმდევი, ბუნებრივი პროცესია - აცხადებს ეროვნული ბანკი კადრებს გადინებასთან დაკავშირებით. "მთავარი არხისთვის" გამოგზავნილ ინფორმაციაში თურნავას უწყება ამტკიცებს, რომ თანამშრომელთა გადინების წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაბალია:
"ეროვნულ ბანკში მაღალკვალიფიციური თანამშრომლები მუშაობენ და საკადრო თვალსაზრისით ბანკი კონკურენციაშია შესული მსოფლიოს წამყვან საფინანსო ინსტიტუტებთან, სადაც ანაზღაურება ზოგიერთ შემთხვევაში 5-ჯერ და მეტად მაღალია.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2022 წელს ეროვნული ბანკის 40-მდე თანამშრომელი საერთაშორისო და ადგილობრივი კერძო სექტორის წამყვან კომპანიებში დასაქმდა და მენეჯერულ პოზიციებზე გააგრძელეს საქმიანობა.
2023 წლის დასაწყისში ეროვნული ბანკის 5 მიმართულების - ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების, საზედამხედველო პოლიტიკის, ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის, სპეციალიზებული რისკებისა და იურიდიული დეპარტამენტების უფროსებმა საქმიანობა გააგრძელეს როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ცნობისთვის: თანამშრომელთა გადინების წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაბალია.
ეროვნულ ბანკში ამჟამად 600-მდე თანამშრომელია და ისინი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას." ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ფინანსურ ანგარიშებზე წვდომა აღუდგა.
ამის შემდეგ ეროვნული ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა
და ნიკოლოზ გაგუამ დატოვეს. პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა დატოვა გიორგი ბაქრაძემაც.
მოგვიანებით, სებ-ის ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსის პოსტიდან წავიდა გვანცა ცქიტიშვილი.
სებ-ი გუშინ დატოვა სამართალმოქმედებისა და ევროკავშირის სამართალთან დაახლოების განყოფილების უფროსმა თამარ ქუსიკაშვილმა, დღეს კი მარეგულირებელი პოლიტიკის განვითარების განყოფილების უფროსმა ეკა ბერიანიძემ.