გორის ისტორიული პარკის რეაბილიტაცია წესით ხვალ უნდა დასრულებულიყო. თუმცა, პირობა ამჯერადაც დაირღვა და ახალბაღში შესვლას გორელები შემოდგომითაც ვერ შეძლებენ.
10-მილიონიან პროექტს "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია უკვე 3 წელია ახორციელებს. ტენდერის მიხედვით, სამუშაოები ერთი წლის ვადაში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე გრძელდება.
"საქმე გვაქვს კორუფციასთან. მმართველმა გუნდმა ქართულ, ჯიგრულ პონტში მისცა ტენდერი "ქართული ოცნების" შემომწირველს. შესაბამისად, აქ არ არის საუბარი, რომ დროულად შეასრულოს კომპანიამ სამუშაოები, ხარისხიანად შეასრულოს. სამწუხაროდ, გორელები წლებია ელოდებიან გასართობი პარკის მოწყობას, მაგრამ დღემდე ახალბაღი გაუხსნელია და სამუშაოები პრაქტიკულად შუამდეც არ არის მიყვანილი." ამბობს ენმ-ის წევრი, ბექა ქორჩილავა.
მომავალ გაზაფხულს აუცილებლად შეხვდება ყველანაირად გამართული იმ სეზონის გახსნას ჩვენი ახალბაღი - ამბობს გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე. მისი თქმით, პროექტის დროულად დასრულებას ხელი სხვადასხვა პრობლემებმა შეუშალა, მათ შორის, ამინდმა.
გორის კულტურისა და დასვენების პარკს ისტორიული ძეგლის სტატუს აქვს და ის 3 წლის წინ დაიკეტა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ავორდი" ატარებს, რომლისს მფლობელი თორნიკე ჭკადუაც "ქართული ოცნების" შემწირველია.