საპროტესტო აქცია ლილოს ნაგავსაყრელის მიმდებარედ. ლილოს, ნორიოს, წინაუბნისა და ნასაგურის მოსახლეობა ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელის დახურვას ითხოვს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ნაგავსაყრელის გამო არსებული ანტისანიტარია ცხოვრებისთვის გაუსაძლის პირობებს ქმნის. მათივე თქმით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.
"დასრულდეს ჩვენი მოწამვლა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში, უკვე 13 წელია გრძელდება. ეს არის აბსოლუტურად ისეთი მოვლენა საქართველოში და, აი, ამ სოფლების გარშემო, უპრეცედენტო ბარბაროსობა, მე ვიტყოდი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დამონტაჟდეს გაზშემკრებები. ეს ნაგავსაყრელი დღესაც რომ დაიხუროს, მეთანის გამოყოფას მრავალი წლის განმავლობაში განაგრძობს. ჩვენი მოთხოვნაა, მოიძებნოს ალტერნატიული ფართი და მოეწყოს ნაგავსაყრელი ისე, რომ ამან პირდაპირ არ შეუქმნას საფრთხე მოსახლეობის და თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, რადგან საქმე ეხება ინტოქსიკაციას. მოწამლულები ვართ," - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
ორგანიზაციის "ჩემი ქალაქი მკლავს" დამფუძნებელი, გიორგი ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ უკვე 13 წელია ნაგავსაყრელი ადგილობრივების ჯანმრთელობას ზიანს აყენებს და ისინი ხშირად იძახებენ სასწრაფოს:
"გარშემო ცხოვრობს ათეულობით ათასი ადამიანი...მოსახლეობასთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და აქ არის ხოლმე ხშირად, თითქმის ყოველდღე თუ არა, 2-3 დღეში ერთხელ სასწრაფო მოდის, ბავშვებს სუნთქვითი შეტევები აქვთ... ეს ეკოლოგიური კატასტროფაა," - ამბობს ჯაფარიძე.