
საჯარო სკოლების დირექტორების არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებზე არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები“ საუბრობს და აცხადებს, რომ კანდიდატებთან გასაუბრების ოქმების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევები, რომელთაც შესაძლოა გავლენა მოეხდინათ პროცესის მიმდინარეობაზე.
მათივე ინფორმაციით, სერტიფიცირების პროცესში მონაწილე 160-მდე აპლიკანტმა გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახა, რომელთაგან 26-მა „სამართლიანი არჩევნების” დახმარებით სასამართლოში გააგრძელა დავა.
2022 წლის 20 ოქტომბერს საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სასერტიფიკატო გამოცდა გამოცხადდა, რომლის მიზანი საჯარო სკოლებში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე სერტიფიცირებული დირექტორების არჩევა იყო. დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი ორი ეტაპისგან შედგებოდა: წერითი გამოცდა და გასაუბრება. სერტიფიცირების პროცესში მონაწილე 160-მდე აპლიკანტმა გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახა, რომელთაგან 26-მა „სამართლიანი არჩევნების” დახმარებით სასამართლოში გააგრძელა დავა და გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობა და მისი ხელახლა, სამართლიან გარემოში, გამართვა მოითხოვა.
მიუხედავად იმისა, რომ დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების მიზანი მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა იყო, გასაუბრების ეტაპს კომისიების გადაწყვეტილებებით გამოეთიშნენ ისეთი კანდიდატებიც, რომლებსაც ტესტირებაში მაღალი შეფასებები ჰქონდათ მიღებული, ან/და ისეთები, რომელთაც აქვთ, მრავალწლიანი, მათ შორის დირექტორად მუშაობის, გამოცდილება.
,,სამართლიანმა არჩევნებმა“ შეისწავლა კანდიდატებთან გასაუბრების ოქმები. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევები, რომელთაც შესაძლოა გავლენა მოეხდინათ პროცესის მიმდინარეობაზე. მათ შორის, ცალკეულ შემთხვევებში გასაუბრების ოქმს ხელს აწერდა კომისიის ის წევრი, რომელიც კანდიდატის გასაუბრებას საერთოდ არ ესწრებოდა; გასაუბრების ხანგრძლივობა და დასმული შეკითხვები გასაუბრების ფორმალურ ხასიათზე მიუთითებდა, უმეტეს შემთხვევაში პროცესი 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც არ იძლეოდა კანდიდატების სრულყოფილად შეფასების შესაძლებლობას.
სამინისტრომ მსგავსი მიდგომა დირექტორების შერჩევის შემდეგ ეტაპზეც გააგრძელა, კერძოდ, სერტიფიცირებული, სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატები დაუსაბუთებლად არ წარადგინა სკოლებში, სამეურვეო საბჭოს წინაშე, ასარჩევად. „სამართლიანი არჩევნები” კონკურსის ამ ეტაპზე უფლებადარღვეულ პირთა ინტერესებსაც დაიცავს.
უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე კონკურსთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია არ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ მაღალ საჯარო ინტერესს. რიგ შემთხვევებში, სახეზეა კონკურსის გამოყენებით დამსახურებული სკოლის დირექტორების განდევნა სისტემიდან. სამეურვეო საბჭოებისთვის კანდიდატების წარუდგენლობის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია და იწვევს უკმაყოფილებას სასკოლო საზოგადოებაში, რაც არ პასუხობს მოსწავლეების საუკეთესო ინტერესებს. შეაბამისად, ,,სამართლიანმა არჩევნებმა” სამინისტროს უკვე მიმართა ინფორმაციისთვის, რომელზე პასუხების მიღების შემდეგ ორგანიზაცია კონკურსის შესახებ სრულ ანგარიშს გამოაქვეყნებს." აცხადებს IFED