მაუწყებლობის კანონში ცვლილებები საგანგაშოა მედიის თავისუფლების ისედაც სავალალო მდგომარეობის ფონზე | GDI

გამოქვეყნდა:

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) ეხმიანება საკანონმდებლო ცვლილების მიღების პროცესს, რომლითაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიენიჭება სიძულვილის ენის გამოყენებაზე, აგრეთვე უხამსობის შემცველ პროგრამებზე ზედამხედველობის უფლებამოსილება.

GDI-ის პოზიციით, აღნიშნული ცვლილებები საგანგაშოა მედიის თავისუფლების ისედაც სავალალო მდგომარეობის ფონზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს სამოქალაქო საზოგადოების შიშებს ხელისუფლების რეალურ მიზნებთან დაკავშირებით- მაქსიმალურად შეზღუდოს განსხვავებული აზრის გავრცელება ქვეყანაში.

სიძულვილის ენის რეგულირება

საკანონმდებლო ცვლილებების მოტივად დასახელებულია ევროკავშირის მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, მათ შორის ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადგენილი 12 პრიორიტეტის შესრულება. 

"მართალია, "აუდიოვიზუალური მედია სერვისების შესახებ" ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებული არიან უზრუნველყონ, რომ აუდიო-ვიზუალური მედია სერვისი არ შეიცავდეს სიძულვილის ან ძალადობისკენ წაქეზებას. თუმცა თავად დირექტივიდან არაორაზროვნად იკვეთება, რომ იგი არ აწესებს მარეგულირებელი ორგანოს მიერ სიძულვილის ენის გამოყენების რეგულირების ვალდებულებას. ეს საკითხი შეიძლება მოწესრიგდეს როგორც მარეგულირებელი ორგანოს, ისე თანარეგულირების მექანიზმით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული კონტექსტის, კომკომზე შესაძლო პოლიტიკური ზეწოლის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებული მაღალი რისკების გათვალისწინებით, ევროპის საბჭოს ექსპერტებმა შეიმუშავეს მკაფიო რეკომენდაცია, რომ საქართველოში დანერგილიყო თანარეგულირების მექანიზმი. თუმცა საქართველოს პარლამენტმა დააიგნორა აღნიშნული რეკომენდაცია.

ამასთან, არ გაითვალისწინა არც თავად მედიაკომპანიების და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების მოწოდება, ამ საკითხზე მსჯელობა და ცვლილებების მიღება მათი ჩართულობით მომხდარიყო", - წერია განცხადებაში.

GDI აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოების აზრით, სიძულვილის ენის რეგულირება და კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებების გაზრდა პრობლემურია რამდენიმე საკითხის გამო.

უხამსობის რეგულირება

GDI აღნიშნავს, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით მიღებამდე დაემატა კიდევ ერთი ცვლილება - კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით იკრძალება "პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას". 

"კომუნიკაციების კომისიას ამ დრომდე არ ჰქონია საკანონმდებლო უფლებამოსილება, შეეფასებინა მაუწყებლის ეთერში გადაცემული პროგრამა ხომ არ არის ადამიანის უფლებათა შემლახველი და უხამსობის შემცველი.

საკანონმდებლო ცვლილებებით დაგეგმილია, რომ კომუნიკაციების კომისიას დაემატოს ასეთი უფლებამოსილება, რაც მას გაუხსნის შესაძლებლობას, კიდევ უფრო აქტიურად გააკონტროლოს მაუწყებელთა ეთერში გასული პროგრამების შინაარსი და მათი პოლიტიკური, ლიტერატურული თუ სხვა ღირებულების იგნორის გზით, დაასანქციროს მაუწყებლები არასასურველი შინაარსის გამო", - წერია განცხადებაში.

პრაქტიკაში მოიძებნება მაგალითი, როდესაც კომუნიკაციების კომისიამ, კანონის საწინააღმდეგოდ 2021 წელს უკვე განიხილა "მთავარი არხის" ეთერში გასული სიუჟეტი ზემოთ აღნიშნულ ნორმებთან მიმართებით. სიუჟეტი პოლიტიკური სატირის შემცველი იყო და აქცენტს აკეთებდა პარლამენტის უფუნქციობაზე. თუმცა კომისიამ ერთი მხრივ იმოქმედა უკანონოდ როდესაც საერთოდ განიხილა ეს საკითხი, მეორე მხრივ კი თვალები დახუჭა სადავო კადრებისა და განცხადებების პოლიტიკურ ღირებულებაზე, შედეგად, მთავარი არხი სამართალდამრღვევად ცნო.

"ამგვარი გამოცდილების ფონზე, გარდაუვალია მსგავსი შემთხვევების განმეორება და მაუწყებელთა დაჯარიმება არასასურველი შინაარსის გადაცემის გამო. ყურადსაღებია ისიც, რომ აღნიშნული ცვლილებები ხდება არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ხოლო წარსული გამოცდილებით კომუნიკაციების კომისია აქტიურობას სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში იწყებს ხოლმე", - წერს GDI.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი