გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია EU-ს წინააღმდეგ | MDF-ის კვლევა

გამოქვეყნდა:

"მედიის განვითარების ფონდმა" პროექტ "მითების დეტექტორის" ფარგლებში გამოავლინა "ფეისბუკ გვერდების" ქსელი, რომელიც მათი თქმით, 2023 წლის იანვრიდან გამოჩნდა და დასპონსორებული პოსტების საშუალებით ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებს.

MDF ამბობს, რომ "ფეისბუკ" გვერდები, ე.წ. მიმების (memes) გამოყენებით "დეზინფორმაციის მასშტაბირებისა და საზოგადოებაში სტერეოტიპული წარმოდგენების გამყარების მიზნით, იდენტური მეთოდით მოქმედებენ და ამტკიცებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ტრადიციული ღირებულებების უარყოფას, ლგბტქი თემის უფლებების გაძლიერებას მოიაზრებს".

კვლევის მიხედვით, გამოვლენილი გვერდები 2023 წლის პირველ ნახევარშია შექმნილი და მათ კატეგორიების ველში საინფორმაციო ტექნოლოგიები, მარკეტინგი, მუსიკოსი, ყიდვა-გაყიდვის სერვისი აქვთ მითითებული. 

მათივე ცნობით, ამ გვერდების რეკლამების ბიბლიოთეკაში არ არის აღნიშნული, თუ ვის მიერ არის გადახდილი რეკლამის ფული და ვინ არის პასუხისმგებელი რეკლამაზე.

"მითების დეტექტორის" მონიტორინგის შედეგად 7 საეჭვო Facebook გვერდი გამოვლინდა, რომლებიც შემდეგი ტაქტიკით მოქმედებენ:

  • თითოეული გვერდის რეკლამების ბიბლიოთეკაში გვხვდება დაფინანსებული მიმები (სურათისა და ტექსტის კომბინაცია), რომლებიც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის ცრუ დაპირებას, მოთხოვნების გრძელ სიას, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების რღვევას ეხება;
  • ფეისბუკ გვერდების მიერ მითითებული კატეგორია არ ემთხვევა რეკლამების ბიბლიოთეკაში განთავსებული პოსტების შინაარსს;
  • ანონიმური გვერდების მიერ განთავსებული პოსტების ველში (Timeline-ზე) უმეტეს შემთხვევაში არ გვხვდება ის პოსტები, რომლებიც რეკლამების ბიბლიოთეკაშია ხელმისაწვდომი;
  • 7 ფეისბუკ გვერდიდან სამს ადგილსამყოფელად უკრაინა და  უკრაინული ნომერი აქვს მითითებული;
  • ზოგიერთ შემთხვევაში, ფეისბუკ გვერდებს იდენტური შინაარსის და ვიზუალის პოსტები და მიმები ჰქონდათ გამოქვეყნებული/დასპონსორებული;
  • დომენი @kuromail.cc, რომლითაც ორ ფეისბუკ გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტა სრულდება, შესაძლოა დაკავშირებული იყოს “სოციალური ქსელის ანგარიშების ფერმასთან”, რომელსაც სხვადასხვა მიზნით – სოციალური მედიის მენეჯმენტის ან თაღლითობისთვის იყენებენ.

18 ოქტომბრის მონაცემებით, "მითების დეტექტორის" მიერ გამოვლენილი შვიდი გვერდიდან სამი დეაქტივირებულია, ხოლო ოთხი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.

იხილეთ სრულად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი