სავარაუდო თაღლითობა ბათუმში | 30-მდე ოჯახი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს და სააპელაციოში ასაჩივრებს

გამოქვეყნდა:

სავარაუდო თაღლითური ქსელი ზღვისპირა ქალაქში - 30-მდე ოჯახი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. მოქალაქეები თაღლითურ ჯგუფზე საუბრობენ და ორ პირს - გალინა პოღოსიანსა და ნინო კულიჯანოვას - თანხის გამოძალვაში სდებენ ბრალს. დაზარალებულები ყვებიან, რომ ეს პირები აქირავებდნენ და აგირავებდნენ სხვის საკუთრებაში მქონე უძრავ ქონებას, თანხას იღებდნენ და შემდეგ იმალებოდნენ. მოტყუებული ოჯახები კი ღია ცის ქვეშ, თანხის გარეშე დარჩნენ.

"თანხა რაც მივეცი გალინას 6 000 დოლარი არის, თვითონ იქირავა ეს ფართი, შემიშვა მე, უხდიდა მეპატრონეს ქირას, ხელშეკრულება გაკეთებული გვაქვს სესხის სახით. თავიდან მეგონა ბინა თავისი იყო, მაგრამ სინამდვილეში თავისი არ ყოფილა. დავრჩი გარეთ. უსამართლობაა წელიწადი და 4 თვე მისცეს იმის გამო, რომ ამხელა თაღლითობა აქვს გაკეთებული. მე ბავშვებით გარეთ დავრჩი, გალინა კი წელიწად-ნახევარში გამოვა გარეთ და ისევ ანალოგიურად განაგრძობს იგივე საქმიანობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება," - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული. 

თაღლითობისთვის გასამართლებულებს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ერთი წლითა და ოთხი თვით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, დაზარალებულებმა გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და სხდომის მოლოდინში არიან, რომელიც ორშაბათსაა ჩანიშნული.

"ვითხოვთ, რომელი მუხლითაც გასამართლდა, რომელიც 6-დან 8 წელს შეიცავდა, მოსამართლემ მიუსაჯა წელიწადი და 4 თვე. ესაა უსამართლობა. უნდა გასამართლდეს, რასაც ითხოვს მუხლი, იმით. 30 ოჯახი დატოვა უსახლკაროდ, თავისი ბავშვებით ქუჩაში და ზოგი ქირაში, ზოგი ნათესავთანაა გადასული და პატრონი არ ჰყავს ამ ხალხს. ერთადერთი გამოსავალი ესაა. ჩვენ გავასაჩივრეთ სააპელაციოში, ქუთაისში, 28-ში არის ჩანიშნული. ყველა წავალთ, ჩავალთ და სიმართლეს, აი, ნახავთ, დაინახავს მთელი საქართველო," - ამბობს კიდევ ერთი დაზარალებული. 

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი