
გასაიდუმლოებული სინოდის კომისიის სხდომა - ირკვევა, რომ 2 დღის წინ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები საგანგებოდ შეიკრიბნენ და მეუფე შიოს წინააღმდეგ არქიმანდრიტ მელქისედეკის ბრალდებები განიხილეს, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებაში წერს, რომ წაყენებული ბრალდებები უარგუმენტოა და გაფრთხილების შემდეგ, მსგავსი ცილისწამებების განმეორების შემთხვევაში არქიმანდრიტს სამღვდელო ხარისხის შეჩერებით ემუქრებიან. იქვე განმარტავენ,რომ მელქისედეკ მიქავამ გადაცდომა აღიარა და წერილობითი სახით შეცდომის გამო შენდობა ითხოვა.
სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართა, თუმცა "მთავარის" ინფორმაციით, მეუფე მელქისედეკი მცხეთაში, სვეტიცხოვლობაზე, 14 ოქტომბერს დაიბარეს და წერილობითი ფორმით, ე.წ. ბოდიშის მოხდის აქტი დაახვედრეს. 78 წლის სასულიერო პირს დაემუქრნენ, რომ თუ არ მოაწერდა ხელს წერილს, მღვდელმსახურების უფლებას შეუჩერებდნენ. მეუფე მელქისედეკმა ე.წ. ბოდიშს ხელი მოაწერა.
არქიმანდრიტი მელქისედეკი შუშანიების სავანედ წოდებული ტაძრის წინამძღვარია. ტაძარი წმინდანად შერაცხულმა ბერმა, ალექსი შუშანიამ ააგო და ანდერძი დატოვა. მან ტაძრის სახელმწიფოს, ან საპატრიარქოს ბალანსზე გადატანა აკრძალა, რადგან მიიჩნევდა, რომ ნაგებობა კერძო საკუთრება იყო და მის შთამომავლობას უნდა დარჩენოდა.
მეუფე შიოს ჩარევით კი, ტაძარიც და მიმდებარე ტერიტორიაც საპატრიარქოს ბალანსზე გადაიტანეს, რასაც მელქისედეკ მიქავა საჯაროდ აპროტესტებდა და მოსაყდრეს აკრიტიკებდა. მისი დასჯის მიზეზიც, სავარაუდოდ ეს გახდა.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი