სუს-ის აგენტები უკრაინულ არმიაში | ქართველი მებრძოლების ინფორმაციით, ჯაშუშები ინფორმაციას რუსეთის სპეცსამსახურებს აწვდიან

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ დანაყოფებში ჯაშუშებს აგზავნის. სუს-ის მიერ ჩანერგილი პირები აგროვებენ ყველა სახის ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველების შესახებ, მათ პირად მონაცემებს, პოლიტიკურ შეხედულებებს, ბრძოლის წერტილებს. ამ ომის პერიოდში საქართველოდან ყველაზე მეტი მებრძოლი „ქართულმა ლეგიონმა“ მიიღო, ჩანერგილების უმეტესობაც სწორედ იქ მოხვდა.

ამ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოებისთვის სულაც არ აგროვებს. "ქართული ლეგიონის" მეთაური გვიყვება, რომ უკრაინაში მოპოვებული ინფორმაცია მოგვიანებით რუსეთის სპეცსამსახურების ხელში ხვდება. რუსული ეფესბე კი ამ მონაცემებს ქართველი მებრძოლების წინააღმდეგ იყენებს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის საქმე ათობით ლეგიონერზე აქვს აღძრული, მათი ნაწილი დაუსწრებლადაც გაასამართლეს, მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, გამოაცხადეს საერთაშორისო ძებნა. 

ნიკა ჭურაძე ერთ-ერთი მათგანია, ვისაც რუსეთი სამხედრო დანაშაულის ჩადენას სდებს ბრალად.

ე.წ. ჩანერგილები მხოლოდ ქართულ ლეგიონში არ ხვდებიან, ისინი ნაწილდებიან იმ უკრაინულ დანაყოფებშიც, რომლებშიც ქართველები ირიცხებიან. იყო არაერთი შემთხვევა, როცა საქართველოდან საომრად წასულმა პირებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრაქტი მოულოდნელად გაწყვიტეს და სუსში დასაქმების პერსპექტივით სამშობლოში დაბრუნდნენ.

ყველა ასეთი შემთხვევის შესახებ ინფორმირებული არიან უკრაინის სახელმწიფო უწყებები, ამ ინფორმაციას კი ომში მყოფი ქვეყანა სტრატეგიულ პარტნიორებს უზიარებს. 

თავად სუსის უფროსი ყველაფერს უარყოფს, ლილუაშვილის აზრით მის უწყებას მოსმენის მორალური უფლება არ აქვს.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი