
თბილისში, ნაძალადევში მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სკოლის აშენებას ითხოვენ და ამბობენ, რომ შენობა 3 წლის წინ დაანგრიეს.
მშობლები ამბობენ, რომ სკოლაში 1 000-ზე მეტი ბავშვი დადიოდა და ბევრს შვილების სხვაგან გადაყვანა მოუწია. მათივე თქმით, ბავშვებს შორ მანძილზე უწევთ წასვლა.
აქციაზე იმყოფებოდა "ლელოს" წევრი, რომელმაც თქვა, რომ სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ნაძალადევის - მე-4 საჯარო, 113-ე საჯარო, მე-10, მე-11 მე-14 საჯარო სკოლაში.
"ამ სკოლის მშენებლობაზე გამოცხადებულია ტენდერი და უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, ეს არის შპს ინსი, რომელმაც ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ამა წლის 21 მარტს. ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეა გასული და გამარჯვებული კომპანია ჯერ არ მოსულა ადგილზე და არ გაუკეთებია არაფერი", - ამბობს "ლელოს" წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი.
კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მარტიდან მოყოლებული მიმდინარეობს პროექტირება, პროექტირების სამი ეტაპიც ვადების დაცვით ჩააბარეს, ამჟამად კი პროექტი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოშია შეტანილი, რომლის საბოლოო განხილვა მიმდინარეობს, ამის შემდეგ მშენებლობის ნებართვა მერიიდან უნდა აიღონ.
ვარაუდობს, რომ სკოლის მშენებლობა ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება.
"2025 წლის ივლისის ბოლოს სკოლა უნდა ჩაბარდეს. ტენდერის პირობები ასეთია", - ამბობს ის.