"თავისუფლების ინსტიტუტის" ცნობით, 2022 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა რუსულ კომპანიას 587 054 ლარის ღირებულების ორი ტენდერი გაუფორმა. გარდა ამისა, კომპანიას ტექნიკურ დოკუმენტაციაში გამოცდილების დასადასტურებლად მხოლოდ რუსეთში წარმოებული სამუშაოები აქვს წარმოდგენილი.
ორგანიზაციი ცნობით, თსსუ-მ 2022 წლის 28 ივლისს გამოაცხადა ტენდერი გადახურვისა და სხვა სპეციალური სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად. ტენდერში მხოლოდ ერთმმა კომპანიამ შპს "ელვას" ფილიალმა საქართველოში მიიღო.
"სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, თსსუ-ს მეორე და მესამე სასწავლო კორპუსებში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო 410 722 ლარი. ტენდერის გამოცხადებიდან სამ დღეში თსსუ-მ გამოაცხადა მეორე ტენდერი, შენობის მშენებლობისა და საკანალიზაციო სამუშაოებისთვის, რომელშიც იგივე კომპანიამ გაიმარჯვა. ამ ტენდერის ღირებულება 176 332 ლარია", - წერია განცხადებაში.
"თავისუფლების ინსტიტუტის" ცნობით, შპს "ელვა"-ს ფილიალი თბილისში რუსული კომპანიის ფილიალია საქართველოში, ამავდროულად, გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებული აქვს ოკუპანტ სახელმწიფოში ჩატარებული სამუშაოები, და რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს შპს "ელვა" რუსეთის ფედერაციაში, ორენბურგში, საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ტერიტორიის სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.
"სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შპს 'ელვა' შავ სიაში შეიყვანა 2022 წლის 15 ნოემბერს. შავ სიაში შეყვანის საფუძვლად მითითებულია ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა. აღნიშნული კომპანია ჯამში სამი ტენდერის გამოა შავ სიაში", - წერს ორგანიზაცია.
მათივე ცნობით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ცუდად შესრულების გამო თსსუ-სთან დადებული ბოლო, 176 332 ლარის ღირებულების, ხელშეკრულებისთვის კომპანია შავ სიაში კიდევ ერთხელ გახდა შესაყვანი უკვე 2023 წელს.
"თავისუფლების ინსტიტუტი" წერს, რომ კომპანია 2019 წელს დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად, ოთხი დირექტორი გამოიცვალა და ერთ-ერთი თენგიზ მაჭავარიანია, რომელიც ორმაგი (საქართველოს და რუსეთის) მოქალაქეობით სარგებლობს. ამავე პირზეა გაფორმებული რუსეთში რეგისტრირებული შპს "ელვა".
"თავისუფლების ინსტიტუტის" პოზიციით, კომპანია, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო შესყიდვების გამოცხადებულ კონკურსში, უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU), ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიზე მოქმედი კომპანია და პროდუქცია რომელსაც კომპანია გამოიყენებს უნდა იყოს მომზადებული/დამზადებული ამავე წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიაზე.